ყოველ ზამთარს ბუნებრივი აირი ენერგეტიკული პოლიტიკის ის საკითხია, რომელიც აქტიურად განიხილება ტელევიზიასა და პროფესიულ წრეებში. პოლიტიკური მსჯელობა ხშირად ეხება ფასებსა და მიწოდების პირობებს. როგორც iset-pi.ge წერს, ასეთი აქტიური განხილვის მთავარი მიზეზი ენერგეტიკული უსაფრთხოებაა. რა არის ენერგეტიკული უსაფრთოება? ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მას ასე განმარტავს: „ენერგიის წყაროების უწყვეტი მიწოდება ხელმისაწვდომ ფასად“. ცხადია, ყველა ქვეყანა ზრუნავს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, რადგან ენერგიის წყაროებში შეფერხებამ ან ენერგიაზე ფასების მოულოდნელმა ზრდამ, შესაძლოა, მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოიტანოს. და მაინც, რატომ არის ბუნებრივი აირის მიწოდება ესოდენ აქტუალური საკითხი საქართველოში?
ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ბოლო რამდენიმე წელია, სწრაფად იზრდება ბუნებრივი აირის წილი საქართველოს მიერ მოხმარებულ ჯამურ ენერგიაში, 2013 წლის 28%-დან 2015 წელს - 33%-მდე. მეორე, საქართველოს იმპორტით შემოაქვს მოხმარებული ბუნებრივი აირის 99%. მესამე, საქართველოს იმპორტის მხოლოდ ორი წყარო აქვს: აზერბაიჯანი და რუსეთი. დაბოლოს, ბუნებრივი აირი მნიშნველოვან როლს თამაშობს ზამთარში ელექტროენერგიის გენერაციაში.
ქართველმა მომხმარებლებმა ენერგო-უსაფრთხოების აუცილებლობა საკუთარ თავზე გამოსცადეს 2006 წლის ენერგეტიკული კრიზისის დროს, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში გაზსადენისა და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის საბოტაჟის გამო ქვეყანაში ელექტროენერგია გაითიშა და აუმრავი ქართველი თოვლიან ზამთარში გათბობის წყაროს გარეშე დარჩა. ამ ინცინდენტის შემდეგ ნელ-ნელა საქართველომ ბუნებრივი აირის უდიდესი ნაწილის შემოტანა აზერბაიჯანიდან დაიწყო. თუმცა სურათში კვლავ იყო რუსული იმპორტი, საქართველო იღებს სატრანზიტო შემოსავალს სომხეთისთვის გაზის მიწოდებაში – მიწოდებული გაზის 10%-ს (2015 წელს ეს რაოდენობა საკმარისი იყო საქართველოს მთლიანი გაზის მოხმარების 11%-ის დასაფარად). გარდა ამისა, უახლოეს წარსულში, საქართველოს ბუნებრივი აირის მცირე ნაწილი (6% 2015 წელს) რუსეთიდან შემოჰქონდა, რათა დაებალანსებინა პიკური მოთხოვნა ზამთარში.
გარიგება
განვლილი ორი წლის განმავლობაში რუსეთის ენერგეტიკული გიგანტი, „გაზპრომი“ ითხოვდა ნებართვას, სატრანზიტო გადასახადი ფულადი სახით გადაეხადა და არსებული, გაზით ანგარიშსწორების სქემიდან გადაეხვია. მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის საბოლოო შეთანხმება შედგა, თუმცა შეთანხმების უმეტესი დეტალი უცნობია, გარიგების გაუმჭვირვალობას კი „კომერციული საიდუმლოებით“ ხსნიან. მიუხედავად ამისა, გარიგების რამდენიმე ასპექტი მაინც გასაჯაროვდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკების შედეგად, გაფორმდა ორწლიანი ხელშეკრულება. პირველი წლის განმავლობაში (იგულისხმება 2017 წელი) სატრანზიტო გადასახადის ნახევარი გაზით ანაზღაურდება, ნახევარი კი – ფულადი ანგარიშსწორებით. 2018 წლიდან კი სატრანზიტო გადასახადი სრულად მონეტარული გახდება.
ოფიციალური წყაროების თანახმად, ამ ხელშეკრულების წყალობით, საქართველო რუსეთისგან გაზს ახალ ფასად (1000 კუბური მეტრი – 185 აშშ დოლარი) შეიძენს ნაცვლად ძველი ფასისა (100 კუბური მეტრი – 215 აშშ დოლარი). შესაძლოა, მოვლენათა ასეთი განვითარება ძალზე პოზიტიურად მოგვეჩვენოს, თუმცა მნიშნველოვანია იმის აღნიშვნა, რომ ევროპის ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა გასული ოთხი წლის განმავლობაში, ევროკავშირის ბუნებრივი გაზის საიმპორტო ფასი 50%-ზე მეტით შემცირდა 2013 წლის იანვრიდან და ძალზე ახლოს არის საქართველო-გაზპრომს შორის მოლაპარაკებულ ფასთან.
თანაც, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია სატრანზიტო გადასახადის ფულადი მოცულობა, გავრცელებული მოსაზრებით, სატრანზიტო მომსახურებისთვის 2018 წლიდან მიღებული საფასური არ იქნება საკმარისი რუსეთისგან იმავე მოცულობის ბუნებრივი აირის შესაძენად, რასაც მივიღებდით წინა გარიგებით. მეორეს მხრივ, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ უცნობია, შესაძლებელი იყო თუ არა უკეთესი პირობებზე მოლაპარაკება.
რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და როგორ მოვიქცეთ ახლა?
ენერგო-უსაფრთოების ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მეთოდი ფინანსებიდან მოდის: შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად საჭიროა მომწოდებელთა პორტფელის დივერსიფიკაცია. გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს სტრატეგია დიდად არ იყო ორიენტირებული დივერსიფიკაციაზე. ამ პერიოდში, ფაქტობრივად, ენერგო-უსაფრთოების უზრუნველსაყოფად, საქართველომ არჩია, დაყრდნობოდა აზერბაიჯანთან ორმხრივად მომგებიან პარტნიორობას. მიუხედავად ამისა, რუსეთიდან ყოველწლიურად მიღებული ბუნებრივი აირის მცირე მოცულობაც კი მნიშნველოვან როლს თამაშობდა ქვეყნის ენერგოუსაფთხოებაში. თუ გაზპრომთან დადებული ახალი ხელშეკრულება ნაკლებად დივერსიფირებულს გახდის ჩვენს პორტფელს (ან გაზრდის რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის საშუალო ხარჯს, მას შემდეგ, რაც ნატურით ანაზღაურებიდან ფულად ანაზღაურებაზე გადავალთ), საქართველოს ენერგოუსაფრთოება გაუარესდება.
ამ ეტაპზე იმედი იმაზე მყარდება, რომ აზერბაიჯანთან პარტნიორობა გაძლიერდება, რაც იქნება ენერგო-უსაფრთხოების გარანტი, მიუხედავად მინიმალური დივერსიფიკაციისა. ამ მხრივ მართლაც არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი. იმედისმომცემია სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების (SCPX) პროექტის დასრულება 2018 წელს. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოება არის სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ნაწილი, რომლითაც ევროპა მომარაგდება კასპიის გაზით. გაზსადენის დასრულება საქართველოს მისცემს საშუალებას, დამატებით მიიღოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანის შაჰდენიზ 2-ის საბადოებიდან. ამ პროექტის მეშვეობით საქართველო ევროპის ენერგო-უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილი გახდება, რადგან სატრანზიტო ქვეყანა იქნება. ეს კი წვლილს შეიტანს საქართველოს გრძელვადიან ენერგო-უსაფთხოებაში.
თუმცა საქართველოს მთავრობას მეტის გაკეთება შეუძლია საქართველოს ენერგო-უსაფთოხების უზრუნველსაყოფად.
პირველი, მას შეუძლია ინვესტიციები ჩადოს შესაბამის ინფრასტრუქტურაში.
სეზონური მიწოდების დასასტაბილურებლად და მოწოდების მოკლევადიანი შეფერხებების თავიდან ასაცილებად, საქართველოს სჭირდება ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საცავი. ასეთი ინფრასტრუქტურით ქვეყანა უკეთ გაუმკლავდება ისეთ საფრთხეებს, როგორიც იყო 2006 წლის ენერგო-კრიზისი. გაზის საცავმა, შესაძლოა, კომერციული მომსახურებაც გასწიოს, მიაწოდოს გაზი ბაზარს პიკური მოთხოვნისას და შეამციროს ფასის მერყეობა. ახლახან მომზადდა 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოცულობის (საქართველოს მთლიანი წლიური მოხმარების 9-12%) განხორციელებადობის ანალიზი. როგორც კი პროექტი დასრულდება, საქართველო მეტად დაცული იქნება და მისი ბუნებრივი აირის ბაზარი მეტად სტაბილური გახდება.საქართველომ აქტიური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს ევროპელ პარტნიორებსა და თურქმენეთთან, რათა გაზარდოს საკუთარი, როგორც ტრანზიტული ქვეყნის, როლი და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბუნებრივი აირის სექტორის განვითარებას.
დაბოლოს, უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ბუნებრივ გაზზე შიდა მოთხოვნისა და გაზის იმპორტის ტენდენციების ანალიზსა და მონიტორინგს. რიცხვითი მოდელები, როგორებიცაა „გაზის გლობალური მოდელი“ (ჰოლცი, რიხტერი, ეგინგი, 2016 წ.), EUGAS მოდელი (პერნერი და სილიგერი, 2004 წ.) და TIGER მოდელი (ლოხნერი და ბოთი, 2007 წ.) და სხვები უნდა იყოს გამოყენებული მოხმარების და იმპორტის ტრენდების სიმულაციისთვის, რათა გამოვლინდეს სისტემის შესაძლო ნაკლოვანებები, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს. ინფრასტრუქტურის შენების პარალელურად, ეს დაგვეხმარება, წინასწარ განვჭვრიტოთ (და გავუმკლავდეთ) მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსს და შევამციროთ დივერსიფიკაციის არარსებობით გამოწვეული ენერგო-უსაფრთხოების რისკები.
რომ შევაჯამოთ, გაზპრომთან გარიგებას, სავარაუდოდ, უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ენერგო-უსაფრთხოებაზე, თუმცა არც სიტუაციის ზედმეტად დრამატიზებაა საჭირო. გარშემო უამრავი შესაძლებლობაა, რომელთა მეშვეობითაც საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს საკუთარი ენერგო-უსაფრთხოება. ამ მიზნის მიღწევას დიდი შრომა და ბევრი რესურსი სჭირდება, თუმცა მიზანი ნამდვილად ღირს გარჯად.
ავტორები: ლევან პავლენიშვილი
ნორბერტო პიგნატი
წყარო: iset-pi.ge