კომპანია „თბილისის თამბაქომ“ „ფილიპ მორის საქართველოს“ სასამართლო დავა მოუგო.
როგორც კომპანია „თბილისის თამბაქოს“ ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, მათი საჩივრის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ „ფილიპ მორისს“ დაახლოებით, 92 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა.
მისივე თქმით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაახლოებით 1-წლიანი განხილვის შემდეგ 10 თებერვალს მიიღო.
„დაახლოებით 2013 -2014 წლებიდან მოყოლებული „ფილიპ მორისი საქართველომ“ სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა, ასე ვთქვათ დემპინგი დაიწყო. მაგრამ ჩვენ კანონმდებლობაში დემპინგი პირდაპირ არ წერია, წერია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია. ეს გრძელდებოდა 1-2 წლის განმვალობაში, საწყის ეტაპზე ჩვენი კომპანია ამ ყველაფერს ითმენდა, მაგრამ როცა ამან ჩვენი გაყიდვების, ბაზარზე წილის შემცირება და ა.შ გამოიწვია, „თბილისის თამბაქო“ იძულებული გახდა, სარჩელი შეეტანა. სარჩელი დაახლოებით 2016 წლის დასაწყისში შევიტანეთ. ჯამში 5 სასარჩელო მოთხოვნა იყო. საერთო ჯამში ყველაფერმა - მიუღებელმა შემოსავალმა, მოწინააღმდეგის ე.წ. უსაფუძვლო გამიდიდრებამ, ჩვენთვის პირდაპირ მოყენებულმა ზიანმა და ა.შ. საერთო ჯამში დაახლოებით, 92 მილიონი ლარი შეადგინა“, - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.
როგორც "ფილიპ მორისში" "ბიზნესპრესნიუსს" უთხრეს, კომპანია განცხადებას მომხდართან დაკავშირებით უახლოეს ხანებში გაავრცელებს.
„თბილისის თამბაქო“ 1998 წლიდან ოპერირებს და თამბაქოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ადგილობრივ მწარმოებელს წარმოადგენს. კომპანიის ცნობილი ბრენდი “პირველი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი სიგარეტის ბრენდების სამეულში შედის.