იაპონური კონგლომერატი ”ტოშიბას” პრეზიდენტი შიგენორი შიგა კომპანიაში გამოვლენილი მილიარდობით დოლარის ზარალის ფონზე გადადგა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის მარტისთვის „ტოშიბას“ წმინდა ზარალი 390 მილიარდი იენი (3,4 მილიარდი დოლარი) იქნება. კომპანიის აქციები დღეს 9 პროცენტით დაეცა, დეკემბრის შემდეგ კი - 50 პროცენტით.
როგორც „ტოშიბაში“ აცხადებენ, მიზეზი აშშ-ში იაპონური კონგლომერატის ატომური ბიზნესია. ”ტოშიბას” ამერიკულმა შვილობილმა კომპანია Westinghouse Electric-მა 6,3 მილიონ დოლარად დეკემბერში ატომური კონსტრუქციების კომპანია Stone & Webster შეიძინა. გარიგება Westinghouse Electric-სა და Chicago Bridge & Iron-ს შორის მოხდა. აქტივები კი იმაზე ნაკლები ღირებულების აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. სწორედ ამან განაპირობა კომპანიის უპრეცედენტო ზარალი.
„ბიბისის“ ცნობით, ”ტოშიბა” ფინანსების მოსაძიებლად მეხსიერების ბარათების ბიზნესის გაყიდვას აპირებს.