საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და GCC-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობას. გამოითქვა იმედი, რომ მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაყვანას.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო როლსა და სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარების მიზნით ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივებზე.
არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივნის განმარტებით, GCC-ის წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით, რასაც მოწმობს არაბული კომპანიების გააქტიურება ქართულ ბაზარზე. მხარეთა ინფორმაციით, ივნისის თვიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Gulf Air დაიწყებს.
შეხვედრაზე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე.