პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ქართული დიასპორის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კვლევას გაეცნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის EPRC-ის მიერ ჩატარებული კვლევა „ქართული დიასპორა“, რომელიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და მათი საინვესტიციო რესურსის შესაძლებლობებს ეხება, საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანულმა საზოგადოებამ GIZ-მა დააფინანსა. პრეზენტაცია კომიტეტის წევრებს EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ და EPRC-ის დირექტორის მოადგილემ, ირინა გურულმა წარუდგინეს.
EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კანონმდებლებს ორგანიზაციის ძირითად მიმართულებებთან და მის საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. გამომსვლელმა კვლევასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი ოთხი წლის წინ განხორციელდა, თუმცა საკითხები, რაც კვლევის პროცესში გამოიკვეთა, დღესაც აქტუალურია.
კვლევის დეტალები და თემები კომიტეტის წევრებს ირინა გურულმა გააცნო. მისი განმარტებით, კვლევა ქართული დიასპორის ეკონომიკური და ინტელექტუალური პოტენციალის შესწავლის მიზნით განხორციელდა. მომხსენებლის განმარტებით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დიასპორის საინვესტიციო პოტენციალის შეფასების მიზნით, რამდენიმე სამიზნე ქვეყანა შეირჩა. შეფასდა დიასპორის წარმომადგენლების მოსაზრებები საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, გაიზომა როგორია მათი ქართულ ბიზნეს-წრეებთან ურთიერთობაში ჩართულობის ხარისხი და ახორციელებენ თუ არა ინვესტირებას. განისაზღვრა უცხოური ინვესტიციების განხორციელების პოტენციალი და ის მექანიზმები, რომელიც სახელმწიფოს ჩართულობას როგორც ინვესტირების, ისე ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში გაზრდიდა.
კვლევა შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ქართული დიასპორის პოტენციალს სამი მიმართულებით ასახავს: დიასპორების სამეწარმეო პოტენციალის შესწავლა, დიასპორა, როგორც ინვესტორი ფინანსურ ბაზრებზე და დიასპორა, როგორც ცოდნის გადაცემის წყარო. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს პრეზენტაციაში ასახული ის კონკრეტული რეკომენდაციები გააცნო, რაც ხელისუფლებას და ბიზნესს იმ საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალის იდენტიფიცირებას გაუმარტივებს, რაც დიასპორის წარმომადგენლებს ამა თუ იმ ქვეყანაში გააჩნიათ.
ირინა გურულმა ხაზი გაუსვა ფულად გზავნილებთან დაკავშირებით, დიასპორული ანაბრებისა და დიასპორული ობლიგაციების, როგორც ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელობას. პრეზენტაციაში დიასპორული პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ასახული რეკომენდაციები შესაბამისი სარეკლამო კამპანიის წარმოებას, სხვადასხვა სახის ეფექტური დამაკავშირებელი ინსტრუმენტების შემოღებას, სპეციალური ქსელებისა და სპეციალური ვებპორტალის გამოყენებას ეხება.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ პროექტის შესახებ საუბრისას, ყურადღება საკანონმდებლო სიახლეების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„აუცილებლად უნდა გადაიხედოს თემა, თუ როგორ უწყობს დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ქართული დიასპორის ჩართულობას ხელს და როგორია დიასპორის მხრიდან ეკონომიკის იმ წამახალისებელ პროგრამებზე წვდომა, რომელსაც მთავრობა წარმოადგენს ხოლმე. ჩვენ, პარლამენტმა ხელი უნდა შევუწყოთ საკანონმდებლო გარემოს შექმნას, რომელიც მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტური იყოს ამ მიმართულებით. ჩვენ გვექნება კონკრეტული წინადადებები. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება აუცილებლად გამოვძებნით თანხვედრას და შევქმნით ისეთ საკანონმდებლო გარემოს, რომელიც რადიკალურად გაააქტიურებს და გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს. ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ გარანტი იმისა, რომ მაქსიმალურად გავაღრმავებთ ყოვლისმომცველ, ურთიერთხელსაყრელ და საინტერესო კავშირებს ჩვენს დიასპორასთან და ჩვენს ემიგრაციასთან საზღვარგარეთ“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის მოსაზრებით ამ პროცესში მეწარმეების, სამეცნიერო წრეების, საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
„სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენს კომიტეტთან შევქმნით საზოგადოებრივ პლატფორმას, მეცნიერების, მკვლევარების, ჟურნალისტების, მეწარმეების, პედაგოგების და იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩართულობით, რომელთა საქმიანობა ქართულ ემიგრაციასთან და დიასპორასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ორმაგი მოქალაქეობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სალომე ზურაბიშვილმა.
„ორმაგი მოქალაქეობის თემა უკარგავს ჩვენს თანამემამულეებს სურვილს უცხოეთში შეინარჩუნონ ეს კავშირი ორმხრივად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან ასევე დიასპორებისთვის საერთო პორტალის შექმნის იდეაზე ისაუბრა, რისი საშუალებითაც დიასპორის იმ ნაწილს, ვისაც დიასპორასთან პირდაპირი და აქტიური კავშირები არ აქვს, ინფორმაციაზე წვდომა გაუადვილდება.
პრეზენტაციას კანონმდებლებთან ერთად, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების, ეროვნული ბანკის, მიგრაციის კვლევის ცენტრის, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.