პურის ტექნიკური რეგლამენტი, რომლის შემოღებაზეც ამდენი ხანია საუბრობენ, ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დამტკიცებულა. თუმცა უკვე აქტიურად მოქმედებს ხორბლის ფქვილის რეგლამენტი. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი და როგორ იმოქმედებს პურის ფასზე რეგლამენტის შემოღება.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ არის დამტკიცებული, მაგრამ ბევრი საკითხი, რომელსაც პურის ტექნიკური რეგლამენტი უნდა აგვარებდეს, სხვადასხვა ნორმატიული აქტით რეგულირდება.
„ფქვილის რეგლამენტი მთავრობის დადგენილებით უკვე ძალაშია შესული. რაც შეეხება პურის ტექნიკურ რეგლამენტს, მისი პროექტი უკვე მზად არის. მართალია, მთავრობის დადგენილებით ჯერ დამტკიცებული არ არის, მაგრამ პურის ხარისხი მაინც კონტროლდება მოქმედი კანონმდებლობით, განსაკუთრებით, ეტიკეტირების წესით, რომელიც პურის ხარისხისა და შემადგენლობის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ძალზე მნიშვნელოვანი რეგულაციაა ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტიც, რომლის მიღების შემდეგ სავალდებულო გახდა იმის მითითება, თუ რომელი ხარისხის ფქვილით არის პური გამომცხვარი. თუ რამდენიმე სახეობის ფქვილის კუპაჟია გამოყენებული, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომელი ხარისხის ფქვილია ეს. მომხმარებელმა სწორი და უტყუარი ინფორმაცია უნდა მიიღოს პურთან დაკავშირებით, ამას განსაზღვრავს რამდენიმე ნორმატიული აქტი - მათ შორის, ხორბლის ფქვილის რეგლამენტი და ეტიკეტირების წესი.
მომხმარებელმა უნდა მიიღოს სრული და უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხარისხის და სახეობის პურს ყიდულობს, უნდა იცოდეს მისი ინგრედიენტები, ნორმატიულმა აქტებმა ეს საკითხი საკმაოდ კარგად დაარეგულირა, რაც შეეხება პურის რეგლამენტს, მის პროექტზე მთავრობა მუშაობს და როდის დამტკიცდება, ეს უკვე მთავრობის გადასაწყვეტია“, - აღნიშნავს ქეთევან ლაფერაშვილი.
ფქვილის რეგლამენტის შემოღების შემდეგ მეხორბლეთა საქმიანობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, გვითხრა საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.
„ფქვილის რეგლამენტის შემოღებას ჩვენს საქმეში ბევრი არაფერი შეუცვლია. მეხორბლეების საქმიანობა ისედაც ამ პრინციპებზე იყო აგებული. ხორბლის ფქვილის რეგლამენტი განსაზღვრავს პურის ხარისხსაც. ამიტომ, ეს არის ჩვენი სამუშაო დოკუმენტი როგორც ტექნოლოგიურად, ასევე ტრანსპორტირების მხრივ. ადრე, თუ ვინმე სათანადოდ არ მუშაობდა და ფქვილის ხარისხს ყურადღებას არ აქცევდა, შეიძლება დაუსჯელი დარჩენილიყო. დღეს კი, სურსათის ეროვნულ სააგენტოს პირდაპირი წესით შეუძლია შეამოწმოს ყველაფერი, პირველ ეტაპზე რეკომენდაციები მოგვცეს, მერე კი - სანქციებიც გამოიყენოს“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისი თქმით, ფქვილის რეგლამენტის შემოღების გამო მეხორბლეებს ზედმეტი ხარჯი არ გაუღიათ.
„ფინანსური დანახარჯები არ გვქონია, ამიტომ ჩვენი პროდუქციის გაძვირებასაც არ ვაპირებთ. ამასთან, კარგია, თუ ლარიც გამყარდება, რადგან ფქვილის მწარმოებლები პირდაპირ არიან დამოკიდებული ვალუტის კურსზე. ამჟამად 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 37-38 ლარი ღირს და ეს საკმაოდ მისაღები ფასია მეპურეებისთვისაც. მართალია, ფქვილი პურის მთავარი კომპონენტია, მაგრამ პურის ცხობას კიდევ ბევრი რამ სჭირდება: თუნდაც მარილი, ან საფუარი, რომელიც იმპორტირებულია. კარგია, რომ „სემეკმა“ არც ელექტროენერგია გააძვირა და არც წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პური მართლაც გაძვირებულიყო“, - აღნიშნავს ლევან სილაგავა.
პურის რეგლამენტის შემოღების შემთხვევაში მოიმატებს თუ არა პურის ფასი? - ეს შეკითხვა მე-4 პურის ქარხნის დირექტორს, პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელ მალხაზ დოლიძეს დავუსვით.
„მიუხედავად იმისა, შემოიღებენ თუ არა პურის რეგლამენტს, ახლო მომავალში პურის გაძვირებას არ ვაპირებთ. ჩვენი ნაწარმი არც აქამდე გაგვიძვირებია, რადგან პურზე ფასების ხშირი ცვლა არ შეიძლება. უფრო მეტიც, ქვეყნის სტაბილურობის მთავარი ნიშანი სწორედ პურის ფასია. თბილისში 2 ათასამდე პურის მწარმოებელია, ყოველ ნაბიჯზე თონეებია, შეიძლება ვიღაცამ ფასს მოუმატა, მაგრამ მასობრივი ხასიათი ამას არ ჰქონია“, - ამბობს მალხაზ დოლიძე.
მალხაზ დოლიძის თქმით, ბოლო ხანებში ლარი კი გამყარდა, მაგრამ უმნიშვნელოდ და ეს არც ერთ ნედლეულს არ შეტყობია.
„თუ ლარი კიდევ უფრო გამყარდება, ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება, მაგრამ პროდუქციის გაიაფებაზე ლაპარაკი ცოტა რთულია. ზოგს ჰგონია, რომ მეპურეებს ძალიან დიდი მოგება რჩებათ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის“, - აცხადებს პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი.
ხათუნა ჩიგოგიძე