ქართული ბიოსასუქი გერმანიაში ექსპოტზე გადის. გასულ წელს კომპანია Geofert-მა გერმანიაში დაახლოებით 300 ათასი დოლარის ღირებულების სასუქი გაიტანა. როგორც კომპანიის მომარაგებისა და ლოჯისტიკის უფროსმა ნუგზარ ფაღავამ ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, გერმანიასა და ქართულ კომპანიას შორის პროდუქტის მუდმივ მიწოდებაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. მისივე თქმით, Geofert-მა გერმანიას წელს 10 ათასი ტონა ბიოსასუქი უნდა მიაწოდოს, პროდუქტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი დოლარია.
ნუგზარ ფაღავას თქმით, სასუქის უნიკალურობა ის არის, რომ მასში ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც რეალურად, მიწის ნაყოფიერების ზრდას ახდენენ. „ბიოსასუქებით ვიღებთ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას და ფინანსური თვალსაზრისით ვაკეთებთ დიდ ეკონომიას”, - აცხადებს ნუგზარ ფაღავა.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, ბიოსასუქის მიმართ დაინტერესება არის ესპანეთიდან, სადაც საცდელი ნიმუშები უკვე გაიგზავნა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბელგიასთანაც. Geofert-ის სასუქები ექსპორტზე ყაზახეთში, თურქეთსა და ბულგარეთში გადის.
კომპანიაში გაზაფხულიდან პესტიციდების გამოშვებას გეგმავენ. ნუგზარ ფაღავას განცხადებით, პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე გაიყიდება.
მიკრობიოლოგიური საწარმო Geofert კასპში მდებარეობს. საწარმოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას რთული ჰუმინური, ბაქტერიული ორგანო-მინერალური სასუქების წარმოება, ასევე ბუნებრივი მინერალების მოპოვება წარმოადგენს.