კომპანია „თელასმა“ 2016 წლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2016 წლის მონაცემებით, კომპანია „თელასმა“ 2 მილიარდ 788,7 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 15,3% (369,3 მლნ. კვტ/სთ-ით) აღემატება 2015 წლის მოხმარების მოცულობას (2 მილიარდ 419,4 მილიონი კვტ/სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
“თელასის” ინფორმაციით, 2015 წელთან შედარებით 2016 წელს 15,7%-ით (355,8 მლნ. კვტ/სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 2 მილიარდ 629,3 მილიონი კვტ.სთ. შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.
სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2016 წელს 2015 წელთან შედარებით 3,5%-ით (19,7 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 578,1 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 522,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 55,4 ათასი – იურიდიური პირი.
2016 წლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 082 კმ შეადგინა, რაც 5,3%-ით (256 კმ-ით) აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს (4 826 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.