სამოქალაქო სექტორი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს კვირაში საგზაო მოძრაობის საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით დაზუსტდება სანქციები და დაინიშნება პარლამენტის შესაბამისი საკომიტეტო სხდომა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები - ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”, ფონდი “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, “ჰაბ ჯორჯია” და “საქართველოს საავტომობილო ფედერაცია” მიესალმებიან პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და პარლამენტის წევრების მიერ გამოხატულ მზადყოფნას, საგაზაფხულო სესიაზე განიხილონ და მიიღონ საგზაო მოძრაობის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ეფექტური ნაბიჯების გადადგმას საქართველოში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულობისა და სიკვდილიანობის საგანგაშო მაჩვენებლის შესამცირებლად.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიესალმებიან ბოლო წლებში გახმაურებული ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო შექმნილი საზოგადოებრივი აზრის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების ადეკვატურობას, მათ გააქტიურებას და იმ უპრეცედენტო კონსენსუსს, რომელიც ამჟამად არსებობს პარლამენტს, მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის აღნიშნული საკითხზე დაუყოვნებლივი რეაგირების აუცილებლობისა და გადაწყვეტის გზების გარშემო.
”კაჭრეთში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის, საკანონმდებლო ხელისუფლების და შსს-ის წარმომადგენლები კანონპროექტში გათვალისწინებულ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმდნენ.
კანონპროექტი გულისხმობს ფატალურ საგზაო შემთხვევათა გამომწვევ მთავარ მიზეზებსა და საგზაო მოძრაობის აგრესიულ მონაწილეთა საპასუხოდ კანონმდებლობის და ადმინისტრირების გამკაცრებას, კერძოდ კი, ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების შემოღებასა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი და მართვის მოწმობის გარეშე მოძრავი მძღოლებისთვის სანქციების გამკაცრებას.
ვინაიდან საკითხი გადაუდებელია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელები რეკომენდაციებით მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტს და იმედს გამოთქვამენ, რომ უახლოეს კვირაში აღნიშნული რეკომენდაციების განხილვის საფუძველზე დაზუსტდება სანქციები და ჩაინიშნება პარლამენტის შესაბამისი საკომიტეტო სხდომა”, - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.
ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად, 2015 წელს საქართველოში 581 ადამიანი დაიღუპა და 9 951 ტრამვა მიიღო.