19 წლის ელენე მაჩაიძე, რომელიც კომაროვის სკოლის 2015 წლის კურსდამთავრებულია, აშშ-ში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სრული დაფინანსებით მიიღო.
ელენე მაჩაიძე 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს წამყვან ინსტიტუტში სწავლას. ქართველმა სტუდენტმა TOEFL-ის ტესტში 120-დან 106 ქულა მიიღო; SAT-ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1490; SAT-ის მათემატიკის ტესტში 800-დან 800 და ფიზიკაში 800-დან 770 მიიღო.
ელენე კომაროვის წარჩინებული მოსწავლე იყო და სისტემატურად ესწრებოდა სკოლის ინფორმატიკის წრეებს. მოპოვებული აქვს რამდენიმე მედალი ინფორმატიკის სხვადასხვა ოლიმპიადაზე: 2 ვერცხლის მედალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე; კომაროვის სკოლის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გუნდური მესამე ადგილი ამავე ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს მედალი - ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2014 და 2015 წელს, ბრინჯაოს მედალი ევროპის ოლიმპიადაზე 2015 წელს.
ელენე ვებ-საიტის www.coder.ge ავტორია, რომელიც კომაროველ მეგობრებთან (ნიკა ნადირაძე და ნიკოლოზ სვანიძე) ერთად იმისთვის შექმნა, რომ ინფორმატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის დამატებითი ქართული სამეცადინო პლატფორმა მიეწოდებინა. ელენეს თქმით, მსგავსი ამოცანები ძირითადად რუსულ და ინგლისურ ენებზეა, ამიტომ ის სტუდენტები, რომლებსაც უცხო ენები უჭირდათ, ხშირად ვერ ახერხებდნენ ამოცანების გაკეთებას.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. ინსტიტუტში სწავლის წლიური გადასახადი 60 000 დოლარამდე აღწევს.
ელენე მესამე მოსწავლეა კომაროვის სკოლიდან, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტში გაემგზავრება სასწავლებლად. სკოლის კიდევ ორი კურსდამთავრებული - გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე ამჟამად MIT-ს სტუდენტები არიან.
ინფორმაცია აღებულია კომაროვის სკოლის ვებ-გვერდიდან