საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის იანვარში 147 ლარითა და 30 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემზე 4 ლარითა და 20 თეთრით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 1 ლარითა და 80 თეთრით მეტია.
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 2017 წლის იანვარში 278 ლარი და 90 თეთრი შეადგინა, რაც დეკემბრის თვის მაჩვენებელზე 7 ლარითა და 90 თეთრით მეტია, წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე კი 3 ლარითა და 40 თეთრით მეტი.
საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა მიმდინარე წლის იანვარში 166 ლარი და 30 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მონაცემზე 4 ლარითა და 70 თეთრით მეტი, ხოლო გასული წლის ამავე მაჩვენებელზე 2 ლარითა და 10 თეთრით მეტია.
ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი ნოემბრის თვეში ასე გადანაწილდა: ერთსულიანი ოჯახი - 147 ლარი 30 თეთრი, ორსულიანი ოჯახი - 235 ლარი და 60 თეთრი, სამსულიანი ოჯახი - 265 ლარი და 10 თეთრი, ოთხსულიანი ოჯახი - 294 ლარი და 50 თეთრი, ხუთსულიანი ოჯახი - 331 ლარი და 40 თეთრი, ექვსსულიანი ოჯახი - 391 ლარი და 70 თეთრი.
2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.