ქართული ელმავლების მწარმოებელი ქარხანა სს „ელმავალმშენებლის“ ირგვლივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს პარლამენტის წევრმა ზაზა გაბუნიამ და ქარხნის წარმომადგენლებმა დღეს, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, როგორც საწარმოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, ქარხანა სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობდა, მაგრამ გასული წლის დეკემბერში, ბოლო შეკვეთის შესრულების შემდეგ, ახალი შეკვეთა არ მიუღიათ, რის შედეგადაც თანამშრომელთა ნაწილი უმუშევარი დარჩა.
შეხვედრაზე მყოფმა სააქციო საზოგადოების წარმომადგენლებმა ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს, რათა კვლავ მიიღონ დაკვეთები და გააგრძელონ მუშაობა.
ზაზა გაბუნიამ ყურადღებით მოუსმინა მათ და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
„მთავარია საწარმოში მომუშავე ადამიანებს შევუქმნათ ხელსაყრელი პირობები. მართალია ეს არის კერძო კომპანია და ასეთი სიდიდისა და სიმძლავრის ქარხანას არ უნდა უჭირდეს ახალი ბაზრებისა და შეკვეთების მოძიება, ასევე, სახელმწიფო უწყებების გადასაწყვეტია განსაზღვროს ბაზარი და საჭიროებები, მაგრამ რამდენადაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნესის ხელშეწყობაა, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში დავუკავშირდები შესაბამის უწყებებს და განვიხილავთ შესაძლებლობებს, როგორ დავეხმაროთ ქარხანას“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.