ჯეკპოტის გამარჯვებული ქართველი ლექტორი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მილიონერი ლექტორი რამდენიმე სტუდენტისთვის სწავლის დაფინანსებას გეგმავს.

თინათინ გიორგობიანმა ლატარიის კომპანიის რიგით მე-17 ჯეკპოტი ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში, 31 იანვარს მოიგო. მოგებულმა თანხამ კი 1 380 345 ლარი შეადგინა.

როგორც თინათინ გიორგობიანმა აღნიშნა, მოგებული თანხის ნაწილს წიგნების გამოცემას, ნაწილს კი ქველმოქმედებას მოახმარს.

„რამდენიმე მაგისტრანტი იყო, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობდა, საღამოს კი ლექციები ქონდა და მათთვის ძალიან დამქანცველი იყო. მოფიქრებული მაქვს, რომ ამ 2 წლის განმავლობაში რამდენიმე მაგისტრანტს დავაფინანსებ და ეს აუცილებლად განხორციელდება,“ - აღნიშნა გიორგობიანმა ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში.

გიორგობიანი წლებია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე პროფესორად მუშაობს და ლექციებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში კითხულობს.