სტოკჰოლმში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან, ღონისძიება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას, შვედეთის ღვინის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას , ადგილობრივ მომხმარებელში და პროფესიონალებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ემსახურებოდა. სტოკჰოლმში, საქართველოს საელჩოში გამართულ დეგუსტაციაზე ათი ქართული ღვინის კომპანიის პრემიუმ ღვინოები იყო წარმოდგენილი.
”ქართულმა ღვინომ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, რის გამოც, მათმა ნაწილმა გადაწყვიტა გაზაფხულზე პირადად ეწვიოს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს ქართული ღვინის კულტურასა და ღვინის კომპანიების საქმიანობას.
შვედეთის სამეფოს დედაქალქში გამართული დეგუსტაცია საფუძველს უდებს სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ყველა იმ სამომავლო აქტივობას, რომელიც ქართული ღვინის კომპანიებმა შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელშეწყობითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაგეგმეს,” - იუწყებიან ღვინის ეროვნული სააგენტოდან.
მათივე ცნობით, ღონისძიებას შვედეთის სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელები, ღვინის იმპორტორები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტოკჰოლმში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს, შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ქართული ღვინის კომპანიების მხარდაჭერით გაიმართა.
2016 წელს, კერძო სექტორის ინიციატივითა და შვედეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის მხარდაჭერით საქართველო-შვედეთის წარმომადგენლობა „ქართული ღვინო სკანდინავიის ქვეყნებისათვის“ - GeoWine for Nordic შეიქმნა, რომლის მიზანია ქართული ღვინის კომპანიების გაერთიანება ქართული ღვინის დასამკვიდრებლად სკანდინავიის ქვეყნების ბაზრებზე - შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი - სადაც ყოველწლიური ღვინის საშუალო მოხმარება ჯამში, 330 მილიონ ლიტრს შეადგენს.