ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები 18 ივნისიდან, კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ხელმძღვანელმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია Wizz Air განახორციელებს.
ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას. ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი „აირბას A320“ და 230 ადგილიანი„ აირბას A321“ ტიპის საჰაერო ხომალდებით. მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.
,,დაბალბიუჯეტური ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის", - განაცხდა ალექსიძემ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ გამუდმებით აფართოვებს ავიამიმართულებების ქსელს და ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს უკვე 12 დაბალბიუჯეტიან ავიამიმართულებას ევროპის 9 ქვეყანაში. 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ თავისი ბაზის გახსნით ქუთაისში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის შიგნით ინვესტიციების მოზიდვის და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.
უწყების ინფორმაციით, 2016 წელს „ვიზეარი“ საქართველოში მოემსახურა 168,000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-ანი ზრდა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივ საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას, ასევე ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის შექმნას.