სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ცენტრალიზებული ინსპექტირების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საწარმოებში სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მირიან ჩაჩავამ და შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ შრომის უსაფრთხოების ცენტრალიზებული ინსპექტირების განხორციელებას გულისხმობს.

შრომითი უსაფრთხოების ინსპექტირების განხორციელების მემორანდუმის მიზანია სახელმწიფო საწარმოებში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ინსპექტირების ჩატარება, სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სახელმწიფო საწარმოსთვის წარდგენა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის გაცნობა, რეკომენდაციების საფუძველზე სახელმწიფო საწარმოებში შეხვედრების ორგანიზება.