ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში მონაწილეობა პირველად მიიღო

”ექსპო ჯორჯიაში” დღეს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე, საქართველოს უნივერსიტეტები, მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, სტუდენტებს , აბიტურიენტებს და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას, სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებს, სტიპენდიებსა და გრანტებს სთავაზობენ.

გამოფენის ერთი-ერთი მონაწილეა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ უნივერსიტეტის პროგრამებს.

”აბიტურიენტებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ ჩვენს პროგრამებს. ვფიქრობთ, რომ ბიზნესი და ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენი უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს, როგორც ბიზნესის, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით, როგორც ქართულ პროგრამებს, ისე ბრიტანულ უნივერსიტეტებთან ერთობლივ პროგრამებს. ჩვენ ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ახალი სტუდენტების გაზრდისთვის და მომავალში ახალი დასაქმებულებისთვის, რომელზეც ჩვენი უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში იზრუნებს ”, - განაცხადა ბატიაშვილმა.

გამოფენის გახსნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ გამოფენაში მსოფლიოდან 16 ქვეყნის უნივერსიტეტი მონაწილეობს.

”განათლების გამოფენა უკვე ტრადიციული გამოფენაა. ძალიან სასიხარულოა, რომ გამოფენაში 16 ქვეყნიდან უნივერსიტეტები არიან წარმოდგენილი. ჩვენ მივესალმებით ქართველი ახალგაზრდების უმაღლესი განათლების უცხოეთში მიღების შესაძლებლობას. ამაზე უფრო სასიხარულოა, რომ იზრდება ერთობლივი პროგრამების რაოდენობა, ანუ უცხოური დიპლომის მიღების შესაძლებლობა საქართველოში. წელს უკვე მხოლოდ ამ გამოფენაზე 15 ასეთი პროგრამა არის წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ ქართველ ახალგაზრდას შეუძლია საქართველოშივე მიიღოს უცხოური სტანდარტის განათლება და მიიღოს ერთობლივი დიპლომი. პირველი გამოფენაა, როდესაც ჩვენი ახალი პროგრამა, რომელიც დავაანონსეთ პრემიერთან ერთად- ”ვისწავლოთ საქართველოში”, მონაწილეობს ამ გამოფენაში. ჩვენ შევეცდებით, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი გავხადოთ საქართველოში სწავლა და გავზარდოთ უცხოელი სტუდენტების რაოდენობა. ეს გაზრდის კონკურენციას, ხარისხს, ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების შემოსავალს”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ პირისპირ შეხვდნენ და გაესაუბრონ მონაწილე უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

განათლების საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიური ღონისძიებაა. მას 12 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს და რაოდენობა მუდმივად იზრდება. გამოფენა ოფიციალურად დღეს გაიხსნა და ხვალ დაიხურება.