მთავრობის დადგენილებით, საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება.
როგორც მთავრობის 14 თებერვლის დადგენილებაშია აღნიშნული, მონიტორინგის მიზანი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენციაა.
რაც შეეხება დეკლარაციების შერჩევას, ეს პროცესი რამდენიმე პრინციპით მოხდება - შემთხვევითი შერჩევა, დასაბუთებული წერილობითი განცხადება და ა.შ. მონიტორინგისა და შერჩევისთვის კი ხუთი კაცისაგან შემდგარი სპეციალური კომისიაც შეიქმნება, რომელსაც, ყოველწლიურად არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი შექმნის.
კომისიის ფორმირება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან მოხდება. კერძოდ, მის შემადგენლობაში იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის სამი და აკადემიური წრეების ორი წარმომადგენელი. კომისიის შემადგენლობაში ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მხოლოდ ერთი წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი. თითოეული წევრის არჩევა კი მაქსიმუმ ორჯერ უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრობა, მის საქმიანობაში მონაწილეობა ანაზღაურებად სამუშაოს არ წარმოადგენს.
დადგენილების თანახმად, შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, საიდანაც 1/2 შეირჩევა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა დეკლარაციებიდან, ხოლო 1/2 – განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით. როგორიცაა მაგალითად, განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევები.
მონიტორინგს მხოლოდ იმ პირის დეკლარაცია დაექვემდებარება, რომელიც შერჩევის მომენტისათვის წარმოადგენს თანამდებობის პირს ან მისი გათავისუფლების მომენტიდან ერთ წელზე მეტი არ არის გასული.
კომისია ვალდებულია მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში, ყოველი წლის 15 იანვრამდე მოამზადოს, რომელიც ბიუროს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს.
დეკლარაციის მონიტორინგის შესახებ, მის დაწყებამდე ხუთი დღის განმავლობაში თავად თანამდებობის პირსაც ეცნობება. დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ამასთან, პირის ქმედებაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების არსებობის შემთხვევაში, თუ გამოვლენილი უზუსტობა ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით არ არის გამოწვეული, ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს.
მთავრობის დადგენილება 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა, გარდამავალი 2017 წლის პერიოდისათვის მონიტორინგი მხოლოდ დასაბუთებული წერილობითი განცხადებითა და ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევით შერჩეულ დეკლარაციებს შეეხება.