„გარევაჭრობის ახალი წესი ამ საქმიანობას უფრო ორგანიზებულ ფორმას მისცემს და გარემოვაჭრეები გადასახადს არ გადაიხდიან“
გარევაჭრობის პრობლემა საქართველოში კარგა ხანია დგას. მოქალაქეებიც ჩივიან, რომ გარემოვაჭრეები პროდუქტს ჰიგიენის ნორმების დაცვის გარეშე ყიდიან და ქალაქს აჭუჭყიანებენ. საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, ნებართვის გარეშე ვაჭრობა დასჯადია, თუმცა ეს მუხლი ვერ სრულდება, რადგან მთავრობამ იცის - გარევაჭრობით მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ფენა ირჩენს თავს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თავის დროზე, 1990-იან წლებში, სტიქიურმა ვაჭრობამ საქართველოს მოსახლეობა შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა. გარევაჭრობის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა აშკარაა, რომ ასეთი ვითარება დიდხანს არ გაგრძელდება და თბილისის მერია გარემოვაჭრეებისთვის ახალ რეგულაციებს შეიმუშავებს.
თბილისის მერის მოადგილის - ირაკლი ლექვინაძის თქმით, მერიას ამ პრობლემის მოგვარება დაწყებული აქვს: „მინდა გითხრათ, რომ მერიას დაწყებული აქვს თბილისის სხვადასხვა ცენტრალურ ტერიტორიებზე გარევაჭრობის შეზღუდვა. პირველ ეტაპზე, ჩვენ, დავიწყეთ, ბორბლებიანი სავაჭრო ობიექტების შეზღუდვა, რომლებიც აპარკინგებდნენ და ვაჭრობდნენ. რამდენიმე თვის წინ შეიზღუდა გარე ვაჭრობა ისეთ უბნებზე, როგორიც არის, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორია, ლესელიძე, რუსთაველი და თბილისის სხვა ცენტრალური უბნები“... ლექვინაძის განცხადებით, ყველაზე რთული ლოკაციები გარევაჭრობის მხრივ არის რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრისა“ და მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარედ. მერის მოადგილე ამბობს, რომ გარევაჭრობის ახალი წესი ამ ადამიანების საქმიანობას უფრო ორგანიზებულ ფორმას მისცემს და რაც ყველაზე მთავარია, გარემოვაჭრეები გადასახადს არ გადაიხდიან.
არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება გარევაჭრობის პრობლემა მოგვარდეს. „თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ანზორ საკანდელიძე მიიჩნევს, რომ მერიას ადვილად შეუძლია გარემოვაჭრეებს მდგომარეობა გააუმჯობესოს და ფისკალური ეფექტიც მიიღოს.
ანზორ საკანდელიძე:
- დავიწყებ იმით, რომ გარემოვაჭრეები გადასახადს ყოველდღიურად იხდიან, ოღონდ არ იციან, სად მიდის ეს ფული. მერიას შეუძლია მათი მდგომარეობაც შეცვალოს და ეს ფული ბიუჯეტის სასარგებლოდ მიმართოს. ჩვენ ჯერ კიდევ 2006 წელს შევიტანეთ პარლამენტში კანონპროექტი, რომელიც საქართველოში ორგანიზებული ვაჭრობის მიღწევას გულისხმობს. „თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციამ“ და მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ანზორ ბაბუხადიამ, ამ ვითარებიდან გამოსავალი იპოვა და ეს არის ფიქსირებული გადასახადი, რომელიც ხელშეკრულებით დგინდება. არაორგანიზებული ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ, თვეში რამდენ გადასახადს გადაიხდიან. ეს იდეა აიტაცეს უკრაინელებმა და „საგადასახადო ლიცენზიები“ უწოდეს, მერე კი, ეს სისტემა პოლონეთშიც წარმატებით დანერგეს. საქართველოში ის საგადასახადო სისტემის მაფიოზებმა არ მიიღეს, რადგან მოვაჭრეებს თავის ჭკუაზე ვეღარ მართავდნენ.
ანზორ საკანდელიძის თქმით, ყველაფერი ძალიან მარტივად მოგვარდება: „მოვაჭრეები აიღებენ ლიცენზიას ერთი, ან რამდენიმე თვის განმავლობაში და ამის შემდეგ მათ აღარც საგადასახადო სამსახური შეაწუხებს და არც სხვა რომელიმე უწყება, რადგან წინასწარ ექნებათ ნაყიდი კონკრეტულ ადგილზე ვაჭრობის უფლება:
ანზორ საკანდელიძე:
- სავაჭრო ადგილები უნდა იყოს მოწესრიგებული, გადახურული, სხვადასხვა სახის კომუნიკაციები და სველი წეტილებიც უნდა გაიხსნას და ეს ყველაფერი უნდა მოაწესრიგოს მერიამ. გაფორმდება ხელშეკრულება, მოვაჭრეები ხელს მოაწერენ და დამთავრდება ეს გაურკვეველი ვითარება. ამ ადამიანებს გადასახადს ცალკე სახელმწიფო სთხოვს და ცალკე - ბაზრის დირექცია, რის გამოც სიცოცხლე აქვთ გამწარებული. რაც მთავარია, ბოლო მოეღება ამ გაურკვეველ სიტუაციას - მეწარმეც დამშვიდებული იქნება და ბიუჯეტში თანხაც შევა. ხალხმრავალ ადგილებში ლამაზი დიზაინის, პატარა ფარდულების გაკეთებას არც დიდი ფული დასჭირდება და არც განსაკუთრებული ძალისხმევა. გარევაჭრობა ორგანიზებული და მოწესრიგებული გახდება და ამით ყველანაირი კონფლიქტი დასრულდება.
ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ რაც უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მოწესრიგებული და ცივილიზებული ფორმა აქვს იქ გარევაჭრობას:
სოსო არჩვაძე:
- გარემოვაჭრეები თითქმის ყველა ქვეყანაში არიან, აშშ-ში, თეთრი სახლის მისადგომებთანაც კი დგანან, მაგრამ იქ ვაჭრობას მოწესრიგებული და რეგლამენტირებული ფორმა აქვს. ქუჩებში იყიდება სუვენირები, საჩუქრები, რაც შეეხება სურსათს და ხილ-ბოსტნეულს, ის სპეციალურ აღრიცხვას და კონტროლს ექვემდებარება. ჩვენთან კი ჩამოვა ადამიანი სოფლიდან, ჩამოიტანს ორ კალათა ხილს, სადაც მოახერხებს, იქ დადგება და გაყიდის. თუმცა, რომ დავაკვირდეთ მთლიან სავაჭრო ბრუნვას, საქართველოში ორგანიზებული ვაჭრობის წილი იზრდება: იხსნება დიდი ჰიპერმარკეტები, სადაც მოსახლეობას ისეთ ნაწარმს სთავაზობენ, რაც ბაზრობებზე იყიდება. დადგება დრო, როცა ცივილიზებული ფორმა არაორგანიზებულ ვაჭრობას საქართველოშიც შეავიწროებს.
სოსო არჩვაძის აზრით, არაფერი დაშავდება, თუ გარემოვაჭრეები გადასახადს არ გადაიხდიან: „განა რა შემოსავალს მიიღებს მათგან სახელმწიფო? თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს ფუნქცია რიგით მოქალაქეებზე ზრუნვაა და ამ ვაჭრობით მრავალი ათასი ადამიანი არჩენს ოჯახს, მათთვის შეღავათის გაწევა სრულიად ბუნებრივი მოვლენა იქნება. ეს ხალხი სახელმწიფოს კისერზე არ არის ჩამოკიდებული და ეს ბევრს ნიშნავს. თუ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ამ ადამიანებისთვის სტაბილურ სამუშაო ადგილებს, ამიტომ, მათთან შეღავათებზეც უნდა წავიდეს. პირველ რიგში ბიუჯეტის შევსებაზე კი ნუ ვიზრუნებთ, ამ ადამიანების მდგომარეობა გავითვალისწინოთ და ყველაფერს სოციალური დაცვის კუთხით შევხედოთ“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.
ხათუნა ჩიგოგიძე