საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი ერთპიროვნულად ბანკების მხრიდან კონტროლდება. საბანკო სექტორის ინტერესებში სულაც არ შედის სხვა საფინანსო მიმართულების განვითარება, რომელიც მათ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ ბანკები საფონდო ბირჟის განვითარებას ხელოვნურად აფერხებენ. იგი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ახალ რეფორმას საფონდო ბირჟასთან დაკავშირებით არადამაჯერებლად მიიჩნევს.
"რეზონანსი": "თავდაპირველად როგორ ჩაძირეს ბანკებმა ფასიანი ქაღალდების ბაზარი?
შოთა გულბანი: საქართველოში წამყვანი ამერიკელი ექსპერტების დახმარებით 1998 წელს ჩამოყალიბდა საფონდო ბირჟა. მაშინ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კანონმდებლობაში მკაფიოდ იყო განსაზღვრული კონკურენციის საკითხი. ამერიკელმა ექსპერტებმა კარგად იცოდნენ, რომ საქართველოში საბანკო სექტორი განვითარების გარკვეულ საფეხურზე იყო. ფასიანი ქაღალდების ბაზარი კი, რომელიც მაშინ ძალას იკრებდა, ერთმანეთის კონკურენტი დარგები იყვნენ. შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კანონმდებლობაში ჩადეს ისეთი პუნქტები, რომლის მიხედვითაც, ბანკებს არ შეეძლოთ მთლიანი საფონდო ბირჟის 50%-ზე მეტის ფლობით უშუალოდ მონაწილეობა მიეღოთ საფონდო ბირჟის ოპერაციებში. კონკურენცია ფასიანი ქაღალდების ბაზარს შესაძლებლობას მისცემდა, განვითარეულიყო და სიკეთე მოეტანა ეკონომიკისთვის.
როდესაც დაინახეს ბანკებმა, რომ ეს სექტორი ნელ-ნელა ძლიერდებოდა (იყო ისტორიული შემოთავაზება "ნაზდაქის" მხრიდან "საქართველოს საფონდო ბირჟის" პაკეტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით), საბანკო ჯგუფმა ეს გარიგება ჩაშალა. 2007-08 წლებში ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შევიდა დამანგრეველი ცვლილებები, რამაც საფონდო ბირჟა ჩანასახოვან მდგომარეობაში დაიტოვა. გაუქმდა ბანკების შეზღუდვები ბირჟის აქტივების ფლობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მათ შეეძლოთ სრულად დაპატრონებოდნენ საფონდო ბირჟას. აგრეთვე გაუქმდა სავალდებულოდ ბირჟებზე ოპერაციების განხორციელების კომპონენტი. ამის შემდეგ გარიგებათა 95%-მა არასაბირჟო სივრცეში გადაინაცვლა.
ბანკები დღესაც ხელოვნურად აფერხებენ ამ ბაზრის განვითარებას. აქტიურ პოლიტიკას ახორციელებენ არასაბანკო აქციონერების საფონდო ბირჟიდან განდევნისთვის. ამ საკითხებზე სასამართლო დავაც მიმდინარეობს და იბრძვიან ისეთი საბროკერო კომპანიები, რომლებიც დარჩნენ ბაზარზე და დამოუკიდებლად მუშაობენ.
"რ": რამდენად შეძლებენ ისინი საკუთარი უფლებების დაცვას?
შ.გ.: ძალიან რთული საკითხია იმიტომ, რომ აქ პირდაპირ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე. ერთი მონოპოლისტი ბანკი ყველაფერს განაგებს. საფონდო ბირჟა სრულიად უფუნქციო მდგომარეობაში დატოვა. იქ მოქმედებს ერთადერთი კომპანია, რომელიც ფინანსურად ძლიერია - "გალტ ენდ თაგარტი". არასაბანკო აქციონერების წილი ამ ბაზარზე ძალიან მიზერულია.
ახლა კიდევ დააფუძნეს "საქართველოს საფონდო ბირჟის" კონკურენტი და მისი შვილობილი კომპანია "თბილისის საფონდო ბირჟა". მას ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი გადასცეს, სადაც ხორციელდება ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მისი შექმნის არავითარი საჭიროება არ არსებობდა და "საქართველოს საფონდო ბირჟა" თავისუფლად ართმევდა თავს იმ ვალდებულებებს, რაც საჭირო იყო ნორმალურ ტრანზაქციების განსახორციელებლად. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება იმისათვის, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის არასაბანკო აქციონერებს არსებული აქტივები გაუნახევრდეთ. შემდეგ კი თანდათან შეუმცირდეთ იმ დონემდე, რომ მათთვის საფონდო ბაზარზე ყოფნას აზრი არ ჰქონდეს.
"რ": როგორ მოახერხებენ ბანკები საფონდო ბირჟის ხელში ჩაგდებას?
მ.გ.: უნდათ ყველაფერი გადაიტანონ "თბილისის საფონდო ბირჟაზე" და "საქართველოს საფონდო ბირჟა" უფუნქციოდ დატოვონ. წინააღმდეგობა აქვთ აქციონერების მხრიდან. მათ არ სურთ ყველა გარიგებამ ან ვაჭრობამ, "თბილისის საფონდო ბირჟაზე" გადაინაცვლოს. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული ქმედება.
"რ": სებ-ის ახლანდელი რეფორმა ფასიანი ქაღალდების ბაზართან დაკავშირებით არის თუ არა რეალური?
შ.გ.:
ამ რეფორმით კაპიტალის ბაზარი ვერ განვითარდება იმ ფორმით, რომ სარგებელი მოუტანოს ქვეყნის ეკონომიკას. სებ-ის მხრიდან შეიმჩნევა მცდელობა, რომ შენარჩუნდეს იგივე ტენდენცია. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები არ შეცვლილა კანონმდებლობაში. მაგალითად, ცენტრალური დეპოზიტარი, რომელიც არის დამოუკიდებელი ორგანო. თუმცა მის ფუნქციას დღეს ეროვნული ბანკი ითავსებს. მსგავსი რამ არსად არ ხდება და ეწინააღმდეგება სავალუტო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პრინციპებს.ასეთი ნაბიჯებით ჩვენ განვითარებულ ბაზარს ვერ მივიღებთ, თუ ის არ განთავისუფლდა ეროვნული ბანკის მარწუხებისგან. მას ახლა მართავენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კომერციულ ბანკებთან დაახლოებული პირები იყვნენ. აქ არის ინტერესთა დიდი კონფლიქტი, შესაბამისად, ამ ადამიანების მიერ გატარებული რეფორმა ვერ იქნება დამაჯერებელი.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"