გიორგი მაჭავარიანი - ”ბავშვთა სამყაროს” შენობის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია

”ბავშვთა სამყაროს” შენობის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია, - ამის შესახებ ”ბავშვთა სამყაროს” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა.

გიორგი მაჭავარიანის თქმით, შენობის ადმინისტრაცია ამ დრომდე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც გადაწყდება, მოხდება თუ არა შენობის დემონტაჟი.

”ბავშვთა სამყაროს” დემონტაჟზე ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა. ამ დრომდე ველოდებით ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას.

შენობაში შიგნით შესვლა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ახლა, იმ ადგილზე, საიდანაც ცეცხლი წარმოიშვა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მოხდეს ადგილების დათვალიერება. დამატებით ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.

დასკვნის შემდეგ განსახორციელებელი ნაბიჯები ამ დრომდე არ შეგვიმუშავებია, ფაქტობრივად, არ ვიცით შემდეგ რას გავაკეთებთ”,- განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ის პირები, ვინც ”ბავშვთა სამყაროს” შენობაში იყვნენ დასაქმებულნი, მეტ-ნაკლებად სხვადასხვა ტერიტორიებზე გადანაწილდნენ. რაც შეეხება მათ დახმარებას და ფინანსური ზარალის ანაზღაურებას, გიორგი მაჭავარიანის თქმით, ამ თემაზე მუშაობა გრძელდება.

”დივიდენდების შესახებ რაც ითქვა, ყველაფერი ძალაში იქნება. ისედაც ვცდილობთ თანხები მოვიძიოთ და ხალხს გვერდში დავუდგეთ. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია”, - განაცხადა ”ბავშვთა სამყაროს” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა.