სამხრეთკორეული კომპანია Samsung Electronics-ის ვიცე-პრეზიდენტი ლი ჩჟე ენი ქვეყნის პრეზიდენტთან პაკ კინ ხესთან კორუფციული გარიგების ბრალდებით დააკავეს.
„როიტერის“ ინფორმაციით, „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტზე დაკავების ორდერი სეულის სასამართლომ გასცა და ჩჟე ენი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ციხეში დარჩება.
კორუფციული სკანდალი სამხრეთ კორეაში 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსხვილმა სამხრეთკორეულმა კორპორაციებმა, მათ შორის „სამსუნგმა“ ქვეყნის მმართველთან დაახლოებული ქალის მიერ შექმნილ ფონდებში დიდი რაოდენობის ფული პრეფერენციების მიღების სანაცვლოდ გადარიცხეს. საუბარია 36 მილიონ დოლარზე, რომელიც დაკავებულმა ამ კონკრეტულ ფონდში გადარიცხა, საპენსიო მომსახურებისთვის განკუთვნილი ორი შვილობილი კომპანიის შერწყმის პროცესის მხარდასაჭერად.
მომხდარის გამო სამხრეთ კორეის პრეზიდენტს იმპიჩმენტის შედეგად უფლებამოსილება გასული წლის 9 დეკემბერს შეუჩერდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პრეზიდენტის მეგობარი ქალი, რომელსაც არანაირი ოფიციალური თანმდებობა არ ეკავა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეებში ერეოდა და კავშირების გამოყენებით სერიოზულ სარგებელს იღებდა.
„სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტის დაკავების ფონზე კომპანიის აქციებზე ფასები მკვეთრად დაეცა.
კოკა კვირკველია