“დავით სერგეენკოს მორიგი “რეფორმა” ასიათასობით მოქალაქის ჯანდაცვის კატასტროფული ხარჯების დაფინანსების გარეშე დატოვების რეალურ საფრთხეს შეიცავს” , - ამის შესახებ “მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ჯანდაცვის მინისტრის 3 წლის წინანდელმა ანალოგიურმა გადაწყვეტილებამ უკვე დააზარალა 115,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც 2014 წლიდან ვერც ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით სარგებლობს და ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბაზისური პაკეტით.
“დავით სერგეენკოს გადაწყვეტილების შედეგად, კერძო დაზღვევა 20-30%-ით გაძვირდება, რომელიც ისედაც გაორმაგებულია 2013 წლის შემდეგ. მის ყიდვას, მით უმეტეს, შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, უფრო და უფრო ნაკლები მოქალაქე შეძლებს. ამიტომ კერძო დაზღვეულთა რიცხვი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ არ გაზრდილა, შემცირდება. ამ გადაწყვეტილებით ფინანსური პრობლემების წინაშე დგება სადაზღვევო ინდუსტრიაც და ვერც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის თანხების დაზოგვა მოხდება, რასაც ვითომდა ესწრაფვის ჯანდაცვის მინისტრი”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ამ მდგომარეობაში “ევროპული საქართველო” დავით სერგეენკოსა და სადაზღვევო კომპანიებს გამოსავალს სთავაზობს:
”გამოსავალი შემდეგია: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფარული მოქალაქეების (ნაწილის მაინც) ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სახელმწიფო დაფინანსებით და ჯანდაცვის სამინისტროს მკაფიო და გამჭვირვალე კონტროლით, უნდა გადავიდეს სადაზღვევო კომპანიების ხელში. დავით სერგეენკოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის დღეს საჯაროდ გამოსული კონფლიქტი იმ კრიზისის გაგრძელებაა, რომელიც უკვე გამოიხატა შემდეგში:
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, USAID-ის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ღარიბებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა გაუუარესდათ, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თანხების უყაირათოდ ხარჯვის პირობებში მოქალაქეს საკუთარი ჯიბიდან მკურნალობის მთლიანი ხარჯის 60%-ის დაფარვა უხდება;
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, უყაირათო ხარჯვის გამო, ქრონიკულად არ ჰყოფნის თანხა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო საავადმყოფოებს ანაზღაურებას მუდმივად უგვიანებს. ეს კი მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.
ასეთ პირობებში ჯანდაცვის სფეროს კიდევ ერთ მნიშვნელოვან სეგმენტზე - სადაზღვევო ინდუსტრიაზე დარტყმა პრობლემებით დახუნძლულ ჯანდაცვის სფეროში მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.