მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მშრალ ხევზე ახალი ხიდი შენდება

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, მშრალ ხევზე ახალი ხიდი შენდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, ძლიერი ყინვების მიუხედავად, მუშაობა ზამთარშიც გრძელდება და ამ ეტაპზე კონტრაქტორი კომპანია ხიმინჯებს აწყობს. სამუშაო პროცესი საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

ახალი ხიდი 40 წლის წინ აგებულ, ამორტიზებულ ხიდს ჩაანაცვლებს და სატრანსპორტო ნაკადებს სრულად დააკმაყოფილებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 550 000 ლარით ფინანსდება და ადგილზე სულ 20 ადამიანია დასაქმებული. 2013-2016 წლებში რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების ფარგლებში 34 ახალი ხიდი აშენდა.