ბაქოში „თეგეტა მოტორსის“ ფილიალი გაიხსნა. როგორც „თეგეტა მოტორსი“ იუწყება, კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს როგორც საცალო, ასევე, კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით, სრულ ავტო-ტექმომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსმა“, ადგილობრივ პარტნიორ კომპანიასთან ერთად, 2 000 000-მდე დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სერვის ცენტრი განთავსებულია 5000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება მსუბუქ ავტომობილებს; ადგილობრივმა კადრებმა გაიარეს სრული პროფესიული მომზადება „თეგეტას აკადემიის“ ფარგლებში და მაღალკვალიფიციურ სერვისს უზრუნველყოფენ. ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით და ტექნიკით. აქვე წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი.
„თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება ექნება, ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და მიიღოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი კომფორტული გარემოში.
„აზერბაიჯანის ბაზარი, რომელიც მზარდია ამ ბიზნესის მიმართულებით და დიდი პოტენციალი გააჩნია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც ამ ქვეყნის ბაზარზე არ არსებობს კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროში, რომელიც კომპლექსურ მომსახურებას შესთავაზებს პროდუქტებისა და მომსახურების კუთხით ადგილობრივ მომხმარებელს. შესაბამისად, დღეს „თეგეტა მოტორსს“ თავის პორტფელში არსებული სერვისების და პროდუქტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არც აზერბაიჯანში, არც კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში კონკურენტი არ ჰყავს“, - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.
„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანია გახლავთ ავტოინდუსტრიაში, რომელმაც საქართველოს საზღვრებს გარეთ ფილიალი გახსნა.