გიორგი გახარია სტამბოლში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

თურქეთში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრთან , თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრები გამართა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, გიორგი გახარია საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთანამშრომლობით მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ.

,,აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ძალიან მეგობრული და შედეგიანი იყო, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან. შეხვედრისას განვიხილეთ ისეთი კონკრეტული თემა, როგორიც არის, მაგალითად, შესაძლებლობა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს და აზერბაიჯანს შექმნან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ტურისტული მარშრუტი, რათა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყონ. მარტივად შეგვიძლია ჩვენ ჩვენი ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ქალაქები და კურორტები დავუკავშიროთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ჩვენს საჰაერო სივრცეში რეისების რაოდენობა, მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტები და აქაც ერთმანეთს მივეხმაროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, არსებობს ბევრი თანხვედრის წერტილი. ,,კონკრეტულ თემებზე თანამშრომლობა, კონკრეტულ კომპანიებთან ურთიერთობა, ხელშეწყობა მათი ბიზნესურთიერთობების დამყარებისთვის არის ყველაზე მარტივი, სწორი და სწრაფი გზა, რათა ჩვენი ეკონომიკის ზრდას ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.