"ეკო-ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის, ვასო ურუშაძის განცხადებით, სამარცხვინოა იმის თქმა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება.
შს სამინისტროს ცნობით, მარჯვენა და საჭეგადატანილი ავტომობილების შემოყვანა საქართველოში აღარ აიკრძალება. 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გასამმაგდა. შედეგად, მათი აკრძალვის საჭიროება აღარ დგას.
„საჭის მდებარეობას არანაირი კავშირი არ აქვს მოძრაობის უსაფრთხოებასთან, საცობებთან და ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. მთავრობა ამ აბსურდული არგუმენტებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. რადგან ეს პრობლემები ყველას აწუხებს და შს სამინისტრომ ეს ბოროტად გამოიყენა.
„დღეის მდგომარეობით, მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილების განბაჟება ნულოვანია. შესაბამისად ეს ავტომობილები შემოდის საქართველოში და რა გამოდის, ამ შემთხვევაში მარჯვენა საჭე არ უქმნის საფრთხეს მოძრაობის უსაფრთხოებას“?! - აღნიშნა ურუშაძემ.
როგორც ურუშაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მთავრობის ამ გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი იმ ბიზნესსექტორის გაკოტრება იქნება, რომელიც ამ ავტომობილების იმპორტით იყო დაკავებული და მეორეს მხრივ, მოქალაქეებს არჩევანის უფლებას ართმევს.
არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის თქმით კი აქციზის გასამმაგება კომპრომისი არ ყოფილა და მიზანი, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა შემცირებულიყო აქციზის გაასმაგებითაც მიიღწევა.
„მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილების აკრძალვის მიზანი მათი რაოდენობის შემცირება იყო. აქციზის გასამმაგება და მათი რეგისტრაციის აკრძალვა ფაქტობრივად, ერთმანეთის ტოლფასია, რადგან ამ ავტომობილებს ის ხიბლი, რაც მცირე ფასების გამო ჰქონდა, დაეკარგა. ვფიქრობ, აქციზის ზრდით ფაქტობრივად, იგივე შედეგები დაგვიდგება, რაც აკრძალვით იყო მოსალოდნელი,“-აღნიშნა ლალიაშვილმა.