კომპანია „ფილიპ მორისი საქართველო“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების, რომლითაც მას 92 მილიონი ლარის ფინანსური სანქცია დაეკისრა, გასაჩივრებას გეგმავს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
„ჩვენს პოზიციას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში უმკაცრესად დავიცავთ. საქმის დეტალებთან დაკავშირებით, ამჟამად დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს ჯერ არ გამოუცია საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტი. თუმცა, გვჯერა, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები განიხილავენ საქმეს და ჩვენი სიმართლის დამტკიცების შესაძლებლობას მოგვცემენ, რათა "ფილიპ მორისმა" კვლავ შეძლოს, შეიტანოს წვლილი საქართველოს განვითარებაში, რასაც როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ბოლო 20 წლის განმავლობაში წარმატებით ვაკეთებდით,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანია „ფილიპ მორის საქართველოს“ სასამართლო დავა „თბილისის თამბაქომ“ მოუგო. პირველი ინსტანციის სასამართლოს 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, „თბილისის თამბაქოს“ საჩივრის საფუძველზე, ფილიპ მორისს“ დაახლოებით, 92 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. ფულადი სანქცია კომპანიას სიგარეტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვის, ასე ვთქვათ „დემპინგის“ ფაქტზე დაეკისრა.