თბილისის მეტროს ვაგონებისთვის სამარშრუტო რუკები შეიქმნა. თბილისის საკრებულოში დღეს ახლად შექმნილი მეტროს სამარშრუტო რუკის პრეზენტაცია შედგა , რომელიც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილისა და „ურბანული ლაბორატორიის“ ინიციატივით მოეწყო. პრეზენტაციას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, ფონდ „ორბელიანის“ წარმომადგენელი და სხვა პირები დაესწრნენ.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ მერიის ხელშეწყობით, „ურბანული ლაბორატორიამ“ კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მეტროპოლიტენის სამარშრუტო რუკის შესადგენად 10 განაცხადი შევიდა. მათგან ჟიურიმ საუკეთესოდ დიზაინერ იანა შავგანცუკის ნამუშევარი სცნო. გამარჯვებულს სპეციალური დიპლომი გადასცეს.
პრეზენტაციაზე ყველა პროექტი იყო წარმოდგენილი.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მეტროს სამარშრუტო რუკები უკვე წლებია ვაგონებში აღარ არის გამოკრული. ახლის შექმნას კი დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდა.
პროექტი ფონდმა „ორბელიანი“ და შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა. აღნიშნული რუკები მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
ახალი რუკები მეტროს ვაგონებში უკვე გაიკრა. მასზე მეტროს სამარშრუტო ხაზების გარდა, ქართულ და ინგლისურ ენებზე თბილისის ღირშესანიშნაობებია დატანილი, მეტროს მუშაობის საათები და ცხელი ხაზის ნომრები.