როგორც აღმოჩნდა, შოუბიზნესის სამყაროს არაერთი წარმომადგენელი ეთანხმება გამოთქმას, რომ "ჭეშმარიტება ღვინოშია". ახალგაზრდა ასაკის, თუ უკვე ხანში შესულ ჰოლივუდელებს ძალიან მოსწონთ მეღვინის როლში ყოფნა. ზოგიერთი უბრალოდ ინვესტირებას ახდენს ვენახებში, ღვინოს კი პროფესიონალთა გუნდი ქმნის. ზოგიერთი კი თავად მონაწილეობს რთველსა და წარმოებაში და თავადვე ხდება საკუთარი ღვინის ავტორი.
სტინგი
1997 წელს სტინგმა ტოსკანაში მამული შეიძინა და ვენახები გააშენა. მომღერალმა საკუთარი ღვინის წარმოება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავისი ადმინისტრატორის ღვინის ბოთლებით სავსე მარანი მოინახულა. საინტერესოა, რომ ამ ღვინის ბოთლებს მას თურმე თავად სტინგი ჩუქნიდა. როგორც ჩანს, ამ სილამაზემ მუსიკოსი გულგრილი არ დატოვა და საკუთარი ღვინის წარმოება დაიწყო.თავიდან სტინგი და მისი მეუღლე ტრუდი მხოლოდ ოჯახისთვის აყენებდნენ ღვინოს, შემდეგ კი წარმოების დაწყება გადაწყვიტეს. ღვინო პესტიციდებისა და ქიმიკატების გარეშე მოყვანილი ყურძნისგან იქმნება. მომღერალი წელიწადში 30 ათასი ბოთლის გამოშვებას გეგმავდა. თავისი ტოსკანური ვილის მახლობლად მან პატარა მაღაზია გახსნა, სადაც ღვინოსთან ერთად საკუთარი წარმოების სხვა ორგანულ პროდუქტსაც ჰყიდის. ბოთლი ღვინის ფასი 15-დან 60 დოლარამდე მერყეობს.
ანტონიო ბანდერასი
2009 წელს ანტონიო ბანდერასის სანუკვარი ოცნება ახდა - იგი Bodegas Anta Natura-ს თანამფლობელი გახდა ესპანეთის რეგიონ რიბეირა დელ დუეროში და მეღვინეობას მიჰყო ხელი. კონტრაქტის პირობების თანახმად, ღვინის საწარმომ სახელი იცვალა, მას Anta Banderas ეწოდა. ამჟამად მსახიობს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვს, მისი საწარმო წელიწადში 1,5 მილიონ ბოთლს უშვებს.ანტონიო ამ საქმიდან მიღებული მოგებით ნაკლებად არის დაინტერესებული, მას ღვინის შექმნის პროცესი უფრო ხიბლავს. ესპანელი მსახიობი მეღვინეობის ნიუანსებს სწავლობს და ყოველ ჯერზე ღვინის ხარისხისა და გემოს გაუმჯობესებას ცდილობს. ბანდერასი საწარმოსთან ახლოს სასტუმროს გახსნასაც გეგმავს, სადაც მეღვინეობა-მევენახეობის კონფერენციებს გამართავს.
მადონა
მადონას მეღვინეობის ბიზნესი, რომლის პარტნიორი მომღერლის მამა და მისი მეუღლეა, 1995 წლიდან არსებობს. თუმცა, მამამ მხოლოდ 10 წლის შემდეგ განაცხადა, რომ სასურველი მოსავალი მიიღო და აპირებს ღვინის 5 სახეობის შექმნას, რომელსაც ქალიშვილის სახელს დაარქმევს. ღვინის გამოშვება მადონას მეათე სტუდიური ალბომის Confessions on a Dance Floor გამოშვებას დაემთხვა. სასმელის ლიმიტირებული სერია თაყვანისმცემლებმა აღფრთოვანებით მიიღეს. ამასთან, ბოთლი ღვინის ფასი არცთუ ისე ძვირი - 40 დოლარი იყო. დღესდღეობით, მადონა და მისი ოჯახი ღვინოს აშშ-ის თითქმის ყველა შტატში ყიდიან. თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ ღვინის ლიმიტირებული კოლექციის გამოშვება კვლავ აღდგება და მომღერლის მამას ამ თხოვნით ხშირად მიმართავენ.დრიუ ბერიმორი
ლამაზმანი დრიუ ბერიმორი არ ჩამორჩება კოლეგებს და ასევე აწარმოებს საკუთარ ღვინოს. ხილის მსუბუქი თეთრი ღვინის მოყვარულმა დრიუმ შექმნა ღვინო, რომელიც მის გემოვნებას ასახავს - დინამიური და ხალისიანი. ეტიკეტის დიზაინი შეპარდ ფეირიმ შექმნა, რომელმაც ბერიმორების ლეგენდარულ სამსახიობო ოჯახს პატივი მიაგო და მათი საგვარეულო გერბი გამოსახა. ჯერჯერობით მსახიობს დიდი ვენახი არ აქვს, მაგრამ მომავალში გეგმავს მეტის შეძენას. დრიუ ღვინოს ყურძნის ჯიშისგან - პინო გრიჯიო აწარმოებს. 2012 წლის აპრილში ბერიმორის ღვინომ ღვინის მსოფლიო უმსხვილეს საერთაშორისო კონკურსში - რომელიც საფრანგეთში ტარდება, ოქროს მედალი აიღო.ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა წარმატებას უამრავ სფეროში მიაღწიეს, მათ შორის, მეღვინეობაშიც. ანჯელინამ და ბრედმა ამ საქმისთვის დამხმარედ ცნობილი მეღვინე მარკ პერენი მიიწვიეს. მსახიობების მამული ვენახებით საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, რომელიც მათ 2012 წელს 60 მილიონ დოლარად შეიძინეს. 2013 წელს ბრანჯელინას ღვინო მსოფლიოს ტოპ-100 საუკეთესო ღვინოში შევიდა - რეიტინგში 84-ე ადგილით. ბოთლი ღვინის ფასი 25-დან 50 დოლარამდე მერყეობს.ფრენსის ფორდ კოპოლა
1975 წელს ცნობილმა რეჟისორმა კალიფორნიაში, ნაპას ხეობაში ასწლოვანი ვენახი შეიძინა. ამჟამად კოპოლა 2000 ჰექტარზე განლაგებული სერთიფიცირებული ორგანული ვენახების მფლობელია. მის მამულს Rubicon Estate ეწოდება, რეჟისორის საფირმო ღვინის პატივსაცემად. ღვინის ფასი საკმაოდ დემოკრატიულია - ფრენსისმა გადაწყვიტა, რომ მისი ღვინო, როგორც მისი ფილმები, ნებისმიერი ამერიკელისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ბოთლი ღვინის ფასი 10-20 დოლარია.რობერტო კავალი
ცნობილი დიზაინერის ოჯახი მეღვინეობით ახლახან დაკავდა. საწარმოო საკითხებს რობერტოს ვაჟი, ტომაზო ხელმძღვანელობს, რომელმაც მეღვინეობა ცხოვრების მთავარ საქმედ აქცია. ღვინის პირველი პარტია მხოლოდ 5 ათასი ბოთლი იყო, ამჟამად ოჯახი წელიწადში 10 ათას ბოთლზე მეტს აწარმოებს. კავალის ღვინო რესტორნებსა და ღვინის ბუტიკებში იყიდება. Tenuta Degli Dei 60 დოლარი ღირს, Tenuta Degli Dei Cavalli Collection - შავ ბოთლში დიზაინერული ოქროს დეტალებით - 480 დოლარი.დუდანა ზაქაიძე
წყარო ambebi.ge