პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას უბრუნდება

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება. საკანონმდებლო პაკეტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში მცირდება. ქულების განულების შემთხვევაში კი მართვის მოწმობის მფლობელს მოწმობა გაუუქმდება და მას გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები რიგ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და ცვლილებების “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ასახვას ითვალისწინებს.

“საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება ასევე ითვალისწინებს მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას, თუმცა არსებული ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა შესაძლოა, არ ამოქმედდეს და ინიცირებული პროქტიდან შესაბამისი ჩანაწერის ამოღება მოხდეს.