არჩილ თალაკვაძე - მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა უკვე არარენტაბელურია და მათ ასაკრძალად დამატებითი რეგულაციები საჭირო აღარაა

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საქართველოში შემოყვანა უკვე არარენტაბელურია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხი დეკემბერში მიღებული საგადასახადო კანონმდებლობით უკვე დარეგულირდა და მათ ასაკრძალად რაიმე ახალ რეგულაციაზე მუშაობა საჭირო აღარ არის.

„მარჯვენასაჭიანი ავტომობილების საკითხი უკვე დარეგულირდა საგადასახადო კანონმდებლობით, რომელიც დეკემბერში მივიღეთ. მიღებული ცვლილებებით, განბაჟების გადასახადი გასამმაგდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რაც მათ შემოყვანას არარენტაბელურს ხდის. შესაბამისად, დამატებითი რეგულაციები მათ ასაკრძალად აღარ არის საჭირო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, პარლამენტი ”საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვას უბრუნდება. საკანონმდებლო პაკეტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.