პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ დორნბოშს შეხვდა, რომელიც საქართველოს აღნიშნულ რანგში პირველად ეწვია.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, აგრეთვე განხორციელებულ და მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული რეფორმების იმპლემენტაცია იმისათვის, რომ ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ დორნბოში საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან.