პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენაზე განიხილა და მხარი დაუჭირა ცვლილებას #1 აშშ-სა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, აღნიშნული საკითხი განსახილველად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით შესაბამისი საგრანტო შეთანხმებით გათვალისწინებული ფინანსური რესურსი იზრდება, რომელიც პროექტის „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ შესაბამისად დაიხარჯება.
”პროექტის მიზანია ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა”, - განმარტავენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება; განათლება; ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და გარემო.