საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, 19 თებერვალს, მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, სომხეთის მოქალაქის, ვ.კ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და ოქროს ჯართი, საერთო წონით 127,69 გრამი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9375.05 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 9375.05 ლარის ოდენობით შეეფარდა. ამავე დღეს, სგპ ყაზბეგში, სომხეთის მოქალაქის, თს.თ-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას, ვერცხლის ნაკეთობები - 705,34 გრამი, ოქროს ბეჭედი ბრილანტის თვლებით - 7,72 გრამი და ორი ცალი ბრილიანტის თვალი - 0,56 კარატი გამოვლინდა.
მათივე ინფორმაციით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4267,46 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 4267,46 ლარის ოდენობით შეეფარდა.