ექვს წელიწადში საქართველოს სახელმწიფო სექტორის ვალი თითქმის 1,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა

2017 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი 4.54 მილიარდი დოლარია, ხოლო ეროვნულ ვალუტაში გამოხატული საგარეო ვალის მოცულობა 12.3 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 2010 წელს ეს მაჩვენებელი - 3.15 მილიარდი დოლარი იყო. გამოდის, რომ ბოლო ექვს წელიწადში საქართველოს სახელმწიფო სექტორის ვალი თითქმის 1,5 მილიარდით არის გაზრდილი. სახელმწიფო ვალის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის, მაგალითად: მსოფლიო ბანკის ვალი 1.16 მილიარდი დოლარია, აზიის განვითარების ბანკისა - 937 მილიონი დოლარი, ხოლო EBRD-ის - 682 მილიონი დოლარი. ქვეყნებს შორის გერმანია, იაპონია და საფრანგეთი ლიდერობენ, რუსეთის მიმართ ჩვენი ქვეყნის დავალიანება კი 79 მილიონი დოლარია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელ ვახტანგ ჭარაიას აზრით, საქართველოს საგარეო ვალი გაზრდილია, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს.

“მართალია, 2010 წლის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო ვალი 1,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს საგანგაშო ზღვარია. ჩვენი ქვეყნის მთავრობა ახალ ვალებს ძველი, მაღალპროცენტიანი ვალების გასასტუმრებლად ან ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებელად იღებს, რაც გაუმართლებელი ნამდვილად არ არის. ეს სესხები ჩვენს ეკონომიკას ხმარდება და ხშირად გრძელვადიანი განვითარების მიზნით იხარჯება. ამიტომ, 2010 წელთან შედარება რეალურს არაფერს მოგვცემს, მაშინ სხვა გამოწვევები იყო, 2016-2017 წლებში კი - სულ სხვა. ამიტომ, ამ საკითხს კრიტიკულად არ ვუყურებ. როგორც გითხარით, მთავრობა ზოგჯერ ძველი ვალის დასაფარავად ახალ ვალებსაც იღებს, მაგრამ ჯობია უფრო დაბალპროცენტიანი სესხი გვქონდეს, ვიდრე მაღალპროცენტიანი - ამაში ცუდი არაფერია”, - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.

მისი შეფასებით, საქართველო მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს კარგად ითვალისწინებს. ასე რომ, არაფერი საგანაგაშო და ნეგატიური ჩვენს ეკონომიკაში სახელმწიფო ვალის ზრდის გამო არ ხდება.

„საგარეო ვალის ზრდა ყოველთვის არ არის ნეგატიური მოვლენა, თუ ეს თანხა სასიკეთო მიზანს ემსახურება. მაგალითად, ქალაქ თბილისში ავტობუსების შემოყვანა, რომელიც EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდება, ყველანაირად დადებითი მოვლენაა, შესაბამისად, ასეთი პროექტებისთვის ვალის აღება გამართლებულია. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა აყვავებული სულაც არ არის, ჩვენ სერიოზულად ვართ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე და ვალის ზრდას მაინც უნდა ვერიდოთ. რაც შეეხება სხვა ქვეყნების ვალს, მარტო ჩვენ კი არ გვაქვს ამ ქვეყნების ვალი, იმათაც აქვთ და ეს ორმხრივი პროცესია. გერმანიისა და იაპონიის ყველაზე დიდი ვალი გვაქვს, მაგრამ ეს ისეთი ქვეყნები არ არიან, რომ საქართველოსთვის რაღაც საფრთხეს წარმოადგენდნენ. რაც შეეხება რუსეთს, მისი ვალი არც ისე დიდია - 79 მილიონი დოლარი, მაგრამ ეს არ არის ის რაოდენობა, რომლითაც შეიძლება ამ ქვეყნის ზეგავლენის ქვეშ მოვექცეთ. მით უმეტეს, რომ რუსეთსაც აქვს ჩვენი ვალი“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე არასასურველი და მიუღებელი ვალი ევროობლიგაციების გამოშვების შედეგად აღებული ვალია.

„საქართველომ 500 მილიონი ევროს ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. ეს თანხა 2008 წლის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად იყო განკუთვნილი, მაგრამ სად და რა მიმართულებით დაიხარჯა, ამის შესახებ ინფორმაცია არა გვაქვს. 2017 წელი საკმაოდ რთული წელია იმის გამო, რომ დიდი ვალის გადახდა მოგვიწევს: მთავრობამ 400 მილიონი დოლარი უნდა გაისტუმროს, ხოლო კერძო სექტორმა - 3,5 მილიარდი დოლარი, აქედან 900 მილიონი დოლარი ბანკების ვალია. ამიტომ ჩვენ კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, როგორ აისახება ეს საქართველოს ეკონომიკაზე. ამავე საკითხის შეფასება ანალიტიკოს ვაჟა კაპანაძეს ვთხოვეთ.

„როდესაც შენი სურვილები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა, იძულებული ხარ ვალი აიღო. მთელ მსოფლიოში მიღებულია პრაქტიკა, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-ის 60%-ზე მეტი არ უნდა იყოს. ჩვენს შემთხვევაში 38% მარტო მთავრობის ვალია, ხოლო 45,5% - თუ კერძო სექტორის ვალსაც მივათვლით. ეს კატასტროფული მაჩვენებელი არ არის. არაერთი სახელმწიფოს ვალი მშპ-ს რამდენჯერმე აღემატება, მათ შორის, აშშ-შიც. სამწუხაროდ, ვალუტის კურსის ცვლილება ვალის მოცულობაზე პირდაპირ აისახება და ლარში გამოსახული ვალის რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის. მთავრობას შემოსავლები ლარში აქვს და ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ რას ვიზამთ - ასეთია დღევანდელი რეალობა. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კერძო სექტორის დავალიანება უფრო სახიფათოა, რადგან ეს ვალი გასულ წლებშია აღებული და პირდაპირ გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ამიტომ, კერძო სექტორის ვალს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ და მის გასტუმრებაზე დროულად ვიზრუნოთ“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

ხათუნა ჩიგოგიძე