სემეკი გაზის კომპანიების სატარიფო განაცხადების გადახედვას იწყებს, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე 11 წელია ბუნებრივი გაზის ტარიფების გადახედვა არ მომხდარა, ამ პერიოდში კი კომპანიებმა ბევრი ცვლილება განიცადეს, რის გამოც საკითხი დღის წესრიგში დადგა.
”2014 წელს ჩვენ დავიწყეთ ენერგეტიკის სექტორის ტარიფების გადახედვა, რეგულირება, დავიწყეთ ტარიფების დადგენა ყოველწლიურად, შემდეგ მოხდა წახალისება და ბოლოს რეგულირება. რეალურად, ზუსტად იგივე პროცესებს ვიწყებთ გაზის სექტორში. გაზის სექტორში ტარიფები ბოლოს დადგინდა 2005 წლის ბოლოს, ამის შემდეგ მთლიანად ამ სექტორისთვის ტარიფების გადახედვა არ მომხდარა, გავიდა 11 წელი და ბევრი რამ შეიცვალა, გაჩნდნენ ახალი მოთამაშეები, ბევრი კომპანია გამსხვილდა, ჩაიდო ინვესტიციები, შეიცვალა მათი ფინანსურ-ეკონომიკურ-ტექნიკური მაჩვენებლები. 2014 წელს ჩვენ მივიღეთ ახალი სატარიფო მეთოდოლოგია ბუნებრივი გაზის სექტორში, რომელიც ითვალისწინებს ტარიფების ყოველწლიურად გადახედვას. ამ პროცესს ვიწყებთ ახლა, რომ გადავხედოთ კომპანიების სატარიფო განაცხადებს და დავუდგინოთ მათ სამართლიანი ტარიფები”, - განაცხადა გოჩა შონიამ.
მისივე თქმით, პროცედურები ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით იგივე იქნება, როგორიც ეს ენერგეტიკის სექტორში იყო.
”კომპანიები მოგვმართავენ სატარიფო განაცხადებით და შემდეგ უკვე დაიწყება ის პროცედურები, რომელიც კანონშია გაწერილი. გუშინ საღამოს შემოვიდა ორი კომპანიის სატარიფო განაცხადი - ეს არის შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" და სს "საქორგგაზი". დიდი ალბათობით, ალბათ, შემდგომ სხვა კომპანიებიც შემოიტანენ სატარიფო განაცხადებს”, - აღნიშნა გოჩა შონიამ.
რაც შეეხება ტარიფების შესაძლო გაზრდას მოსახლეობისთვის, გოჩა შონიას თქმით, წინასწარ ამ საკითხზე ვარაუდის გამოთქმა შეუძლებელია.
”იცით კომისიის დამოკიდებულება ტარიფების მიმართ. ამის თქმა რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, ასევე არის სხვა კომპონენტები, რომლებიც ტარიფებს განაპირობებს, ეს არის ბუნებრივი გაზის მოცულობა, რომელიც ნაწილდება მოსახლეობაში, ამიტომ წინასწარ იმის თქმა, თუ რა დაემართება ტარიფებს - რთულია”, - აღნიშნა გოჩა შონიამ.