საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა.
როგორც სამინისტრო იუწყება, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს 17 კანონში ცვლილების შეტანას და იმ სტატუს-კვოს აღდგენას, რომელიც 2015 წლამდე არსებობდა, როდესაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა.
”ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, ჩვენ აღარ დაველოდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას ამ საკითხზე და საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარვუდგენთ იმ კანონპროექტებს, რომელიც ეხება საფინანსო სექტორის ზედამხედველობას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს 17 კანონში ცვლილების შეტანას და იმ სტატუს-კვოს აღდგენას, რომელიც 2015 წლამდე არსებობდა, როდესაც საფინანსო სექტორის ზედამხედველობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენდა, მოგვიანებით მიღებული კანონით აღნიშნული ფუნქცია დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცა, თუმცა საკანონმდებლო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა.
პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებს.
„ჩვენ ამჟამად ძალიან აქტიურ პროცესში ვართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში. მათთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითი მოვლენაა აღნიშნული გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მინისტრმა.