1-ელი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, სელექტიური კონტრაქტირება პირველ რიგში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებას შეეხება.
„ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმების, რომლის შესახებაც განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ. კერძოდ, ეს არის სელექტიური კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებების, რომლის ამოცანაც არის უფრო მაღალი ხარისხის დანერგვა. პირველ ეტაპზე ეს შეეხო ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას. შემოვიდა დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში დიდ ქალაქებში სამედიცინო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩაერთონ. ეს კრიტერიუმი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, დაწყებული ინფექციებზე კონტროლის ხარისხით, ახალშობილთა და ორსულთა მოვლით და ასევე, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და აღჭურვილობით კრიტერიუმებს. ამ ინიციატივას წინ უძღოდა 2-წლიანი მუშაობა, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით შეფასდა სამედიცინო დაწესებულებები დედათა და ბავშვთა მიმართულებით. განისაზღვრა ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში შევა ძალაში. ჩვენ ვფიქრობთ, უკვე 1-ელი მარტიდან ეს ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება. მიზანია, შეჯამებულად უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ხარჯეფექტური მოვლა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.