რა ინფრასტრუქტურული ცვლილებებია მოსალოდნელი თბილისში

თბილისის საცობებისგან განმუხტვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, გამწვანება და რეკრეაციული ზონების მოწყობა, ქვეითებისთვის გამოყოფილი მეტი სივრცე - ეს ის სურვილებია, რომელიც ქალაქის ყველა მცხოვრებს აქვს. ჩამოთვლილის განსახორციელებლად მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შეიქმნა, რომელზეც "სითი ინსტიტუტი საქართველო" მუშაობს.

ორგანიზაციის დამფუძნებლის, მამუკა სალუქვაძის განმარტებით, თბილისის განვითარებისთვის გენერალურ გეგმაში რამდენიმე პროექტია შეტანილი, რომელთა განხორციელებაც ქალაქს დადებითაც წაადგება. ესენია:

შემოვლითი რკინიგზა

სალუქვაძის თქმით, რკინიგზის გადატანის საკითხი, დიდუბის სადგურიდან ნავთლუღამდე იგეგმება. შემოვლითი რკინიგზა, სავარაუდოდ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს, თუმცა მისი ალტერნატივაც განიხილება, რადგან აღნიშნული ტერიტორიის რელიეფი რკინიგზისთვის შესაბამისი არ არის, ასევე, ამან შესაძლოა, ეკოლოგიური პრობლემებიც შექმნას, - "რკინიგზის გადატანა მტკვრის მარცხენა სანაპიროდან იგეგმება და დაახლოებით, 80 ჰექტარი ტერიტორია გამოთავისუფლდება, მისი დანაწევრება კი არ უნდა მოხდეს, ის ერთ მთლიანობად უნდა იყოს აღქმული და გვინდა, რომ მისი ნახევარი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმოს," - განაცხადა მან.

სპეციალისტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რეკრეაციული ზონა მოეწყობა, ის შეიძლება თბილისის ცენტრალურ პარკად მივიჩნიოთ,-"ასევე, ქალაქში განივი კავშირები გაჩნდება, რადგან რკინიგზა მარჯვენა სანაპიროდან დანარჩენ ნაწილზე გასასვლელს ფაქტობრივად კეტავდა, მაგალითად, ნაძალადევსა და თბილისის ზღვისკენ.

პარკინგი

მამუკა სალუქვაძე განმარტავს, რომ რეკომენდაციები, რომლებიც თბილისში პარკინგის პრობლემის აღმოფხვრის შესახებაა, რაც ქალაქის ცენტრში ავტომობილის პარკირებაზე გადასახადის დაწესებას გულისხმობს, - "ასეთი სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაშია, განსაკუთრებით, გერმანიაში. თბილისში, ცენტრალურ უბნებში, ავტომობილებს განუსაზღვრელი დროით აჩერებენ და სხვებს, ვისაც კონკრეტულ ობიექტთან შეჩერება სჭირდება, ამის საშუალებას აღარ აძლევენ, პარკირებაზე გადასახადის დაწესება კი ამ პრობლემას აღმოფხვრის," -აღნიშნა "სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორმა.

ველობილიკები

ქალაქში ველობილიკების მოწყობის გეგმაზე ორგანიზაციის წარმომადგენლები მუშაობენ, რათა კონკრეტული მიმართულებები განისაზრღვროს, - "მერია ველობილიკების მოწყობის საქმეში ჩაერთო და ვფიქრობ, რომ ეს უკვე შორეული მომავალი არ არის.

მთავარია, ის სწორად იყოს დაპროექტებული და ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ. გარკვეული ტერიტორიები უკვე მოვნიშნეთ, ოღონდ სქემატურად, საბურთალოზე, ვაკისკენ, სადაც გამწვანებული ტერიტორიებია და გვინდა, რომ ისინი და ამავე დროს უმაღლესი სასწავლებლები, ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ა.შ ერთმანეთთან დაკავშირდეს," - განმარტა მამუკა სალუქვაძემ Allnews.ge-სთან საუბარში.

ტრამვაი

მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ქალაქისთვის ტრამვაის დაბრუნების პროექტიც მოიაზრება. მამუკა სალუქვაძის თქმით, ჯერჯერობით ტრამვაის მარშრუტები განსაზღვრული არ არის, ასევე, ამ ტიპის ტრანსპორტისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო,-"ტრამვაის დაბრუნების შემთხვევაში, ის უნდა იყოს თანამედროვე, მაღალი კლასის და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი უბანი უკვე ამორტიზებულია, ტრამვაი ვიბრაციას, გამონაბოლქვსა და ხმაურს არ გამოიწვევს,"- განმარტავს ის.

მამუკა სალუქვაძე ასევე ფიქრობს, რომ ტრამვაის დაბრუნება ქალაქის მოძრაობასაც განმუხტავს, რადგან მათი მარშრუტი კერძო ავტომობილების შეძენის ტენდენციას შეამცირებს. ასევე, ელექტრო ტრანსპორტი აბსოლუტურად ეკოლოგიურია, რაც თბილისის დაბინძურებულ ქუჩებს ძალიან სჭირდება, -" ფაქტობირვად, ყველა პრობლემა, რაც თბილისშია, განპირობებულია ტრანსპორტის მოძრაობით, ამიტომ ეკოლოგიის თვალსაზრისითაც ტრამვაი თბილისს ძალიან წაადგება,"-აღნიშნავს ის.

"სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ჯორჯ ბუშის ქუჩიდან ფაქტობრივად, ავჭალამდე გამჭოლი გზის გაკეთებაზე მსჯელობენ, რათა სანაპიროზე გადატვირთული მოძრაობა განიმუხტოს.

თბილისის გენერალურ გეგმას დედაქალაქის მერია განიხილავს. თუ როდის დასრულდება მასზე მსჯელობა და შეთავაზებულ რომელ პროექტებს განახორციელებს უწყება, ეს ჯერ უცნობია.

მარიამ მენაბდიშვილი

წყარო ALLNEWS.GE