საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი „თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის რეფორმის საჭიროება - პრობლემები და გამოწვევები“ კონფერენცია-გამოფენასა და საკომიტეტო განხილვას მართავს.
ღონისძიებაზე ასევე წარდგენილია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტი და პაკეტის ძირითადი პრინციპები. როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განუცხადა, ამ თვალსაზრისით სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ თამბაქოს კონტროლის შესახებ რეგულაციები გასამკაცრებელია.
„საქართველოში ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოს მოწევის მიზეზით. ეს არის ის 11 000 ადამიანი, ვისაც შეეძლო 10-15-20 წლით მეტი ეცოცხლა. 60% ჩვენი ბავშვების არის თამბაქოს ზემოქმედების ქვეშ, მათან 15% თამბაქოს ეწევა, დანარჩენი კი არის პასიური მწეველი, ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი კი თამბაქოს მწეველია. მარტო ამ მშრალი სტატისტიკიდანაც ჩანს, რამდენად დიდი პრობლემაა ესენი. ამ პრობლემების მოსაგვარებლად არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ არის საკმარისი, თუ არ ჩავთვლით აქციზის გაძვირებას, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად აპრობირებული მეთოდი. ასევე ეფექტური იქნება თამბაქოს მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და თამბაქოს პროდუქტის რეკლამის აკრძალვა. სწორედ ამას ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის მიღებაც საჭიროა“, - განაცხადა ზოიძემ.
კანონპროექტის ინიციატორის გუგული მაღრაძის თქმით, საქართველო მწეველთა რაოდენობით მეორე ადგილზეა.
„კანონპროექტი ეხება იმას, რომ თამბაქოს მოწევა უნდა აიკრძალოს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. ის ასევე ითვალისწინებს რეკლამის აკრძალვას. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევასთან დაკავშირებული ჯარიმა. რესტორნებსა და ბარებს ექნებათ საშუალება გამოყონ სპეციალური მოსაწევი ვერანდა. ამ კანონით ჩვენ ვიცავთ როგორც მწეველთა, ასევე არამწეველთა ჯანმრთელობას. საქართველო არის მეორე ადგილზე მწეველთა რაოდენობის მხრივ და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს რიცხვი მაქსიმალურად შევამციროთ“, - განაცახადა გუგული მაღრაძემ.
კონფერენცია-გამოფენის ფარგლებში გაიმართა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის პრეზენტაცია თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი გამოწვევების შესახებ და თამბაქოს კონტროლის ალიანსის მოხსენება სფეროში განხორციელებული კვლევის - „თამბაქოს კოტროლის სიტუაციის ანალიზი საქართველოში“ განხილვა.