2017 წლის იანვარში, 2016 წლის დეკემბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3%-ით გაიზარდა, ხოლო 2016 წლის იანვართან შედარებით ინდექსი 9,8 პროცენტითაა გაზრდილი.
„საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ფასები გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 1,1%-ით გაიზარდა, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში 0,90 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (2,9 პროცენტი) და კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0,5 პროცენტი).
მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები 3,1 პროცენტით გაიზარდა, რამაც ინდექსის ცვლილებაში 0,14 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი, აქ ფასები 9,5 პროცენტით გაიზარდა და ინდექსის ზრდაში 1,24 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
საქსტატის მონაცემებით, 12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8,8 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (48,3 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 10,9 პროცენტით და შესაბამისად, ამ ზრდამ 1,90 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში;
• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 25,7 პროცენტით, რაც 0,88 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.