ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის დაბრუნების კანონპროექტის მომზადებაში ლომის წილი მიუძღვის მაშინდელ მთავრობას, რომლის ზოგიერთი წევრი ახლაც მთავრობაშია.
ასე შეაფასა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას თამაზ მეჭიაურმა ეროვნული ბანკისთვის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადება.
საუბარია 2015 წელს შემუშავებულ კანონპროექტზე, რომლის შედეგადაც სებ-ს ფინანსური ზედამხედველობის ფუნქცია გამოეყო და ცალკე სააგენტო ჩამოყალიბდა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი თამაზ მეჭიაური იყო.
დღეს კი, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა: “ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებების შედეგად ვთვლიდით, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა უნდა დაბრუნებულიყო ეროვნულ ბანკში. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს პირვანდელი სახით წარვუდგენთ იმ კანონპროექტებს, რომელიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ეხება“.
როგორც თამაზ მეჭიაურმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, შეიძლება დღეს ეროვნული ბანკისა და მთავრობის წევრებს შორის არსებული ურთიერთობები ისეა დალაგებული, რომ ექსცესების, საფრთხეების და ეროვნული ბანკის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეს ვერ ხედავენ, მაგრამ არ შეიძლება კანონი პირად ურთიერთობებზე იყოს მორგებული.
მისივე შეფასებით, სჯობდა ისე დარჩენილიყო, როგორც იყო და ეს ფუნქცია ეროვნული ბანკის ხელში არ ყოფილიყო.
„მთავრობას უნდა ჰკითხოთ, რატომ შეიცვალეს პოზიცია? რადგან მთავრობის წევრები კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ. ამ კანონპროექტის წინააღმდეგი არც ერთი მთავრობის წევრი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არ გამოუხატავს,“-ამბობს მეჭიაური.
აღნიშნულ ინიციატივას, რომლითაც ეროვნულ ბანკს ფინანსური ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოერთვა, პრეზიდენტი, ეროვნული ბანკი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეწინააღმდეგებოდნენ. პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტოც დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო დაძლია, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ხელი მოაწერა.
ამის შემდეგ საკითხმა საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა, რომელმაც აღნიშნული კანონპროექტის მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა.