თხილისა და ღვინის შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა ქართულ თაფლს აქვს.
საქართველოდან თაფლის იმპორტით ევროკავშირიც დაინტერესებულია, რადგან ევროპაში ყოველწლიურად თაფლზე მოთხოვნა 6%-ით იზრდება. ამის მიუხედავად, ქართველი ფერმერები არ აქტიურობენ და არ ცდილობენ, რომ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გაიტანონ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლი ჯერ კიდევ არ გასულა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა არის ამის მიზეზი.
როგორც შპს „მეთაფლიას“ დამფუძნებელი, პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი როლანდ ზირაქიშვილი აცხადებს, საქართველოში არ არის იმ რაოდენობის თაფლი, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ. მით უმეტეს, რომ გასული წელი მოსავლიანი არ იყო, რის გამოც ჩვენს ბაზარზე ხარისხიანი, ნატურალური თაფლის დეფიციტი შეიქმნა.
ოზურგეთის რაიონის სოფელ აკეთის მკვიდრი, მეფუტკრე თამაზ ღლონტი მიიჩნევს, რომ ქართული თაფლი მკაცრ ევროპულ სტანდარტებს ჯერ კიდევ არ შეესაბამება:
„ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ქართული თაფლის ექსპორტი ფერხდება. მაგალითად, მე ძირითადად ფიჭიან თაფლს ვაწარმოებ, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ ევროპაში გავიტანო. საქართველოში იშვიათია ისეთი მეფუტკრე, რომელიც 24-25 ტონა თაფლს აწარმოებს. საშუალო მწარმოებლები, რომლებიც 3-5 ტონამდე თაფლს აწარმოებენ, უფრო მეტნი არიან. იმისათვის, რომ საჭირო რაოდენობის თაფლი ანუ სულ მცირე, 24 ტონა შეგროვდეს, რამდენიმე მეფუტკრის თაფლი უნდა შეიკრიბოს და თუ რომელიმე მათგანის თაფლი ნორმას არ დააკმაყოფილებს, შეიძლება მთელი პარტია გაფუჭდეს. ამიტომ, ეს არ არის ადვილად მოსაგვარებელი საქმე. მე მაგალითად, არც კი მიფიქრია ამ მოცულობის თაფლის შეგროვებაზე და არც ჩემს ნაცნობ მეფუტკრეებს შორის ვიცნობ ისეთს, ვინც ევროპის ქვეყნებში თაფლის გატანას ისურვებდა. ჩვენ ჩვენი ნიშა გვაქვს და რასაც ვაწარმოებთ, ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით“, - აღნიშნავს თამაზ ღლონტი.
ფერმერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის მეურნეობაში მკურნალობის მეთოდები, ფუტკრის მოვლა, ინფრასტრუქტურა ევროპულ დონესთან არის მიახლოებული, ევროპის ბაზარზე არასოდეს უფიქრია.
„საქართველოში ასეთი მეფუტკრე ძალიან ცოტაა, შეიძლება რამდენიმე მსხვილი მიმწოდებელი იყოს, რომელიც საჭირო რაოდენობის და ხარისხის თაფლის შეგროვებას შეძლებს. სხვათა შორის, მე მქონდა შემოთავაზება, რომ 24 ტონა თაფლი შემეგროვებინა. უარი ვთქვი, რადგან ეს ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა. ყველა ამ ნიმუშს ანალიზი, თავმოყრა, ფილტრაცია სჭირდება. სულ ცოტა, 10 მეფუტკრის ნაწარმი მაინც უნდა შემეგროვებინა და აქედან ერთის პროდუქტი მაინც რომ ყოფილიყო ევროპულ ნორმებს დაშორებული, საზღვარს ვერ გადალახავდა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე მეფუტკრემ დიდი ძალისხმევით შეაგროვა თაფლი, მაგრამ მათი ნაწარმი საზღვარზე გააჩერეს. იმასაც ამბობენ, რომ ევროპელები ჩვენი ლაბორატორიების დასკვნას არ ენდობიან და დასკვნას თავიდან აკეთებენ. ალბათ 1-2 წელი მაინც დასჭირდება, რომ ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტი დაიწყოს. სამაგიეროდ, ქართული თაფლი საკმაო რაოდენობით გადის აზიის ქვეყნებსა და თურქეთში, სადაც ის გარკვეულ ჯგუფებს ინდივიდუალურად გააქვთ, თუმცა ამას სტიქიური ხასიათი აქვს“, - აცხადებს თამაზ ღლონტი.
ფერმერის თქმით, მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც ქართველი მეფუტკრეები ევროპაში თაფლის გატანას ერიდებიან.
„ჩვენი მეფუტკრეები ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ბაზარი გაჯერებულია დაბალი ხარისხის სამკურნალო პრეპარატებით, რომელიც თაფლის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს. ევროპული სტანდარტის წამლები ძალიან ძვირად ღირებულია და მეფუტკრეები მათ ვერ ყიდულობენ. ამ საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების დახმარება მნიშვნელოვანი და აუცილებელია. თქვენ თუ გაგიგიათ, რომ სადმე თაფლმომცემი მცენარეები გაუშენებიათ? თუ ნერგებით და მიწის ფართობით ხელს შეგვიწყობენ, შევიკრიბებით მეფუტკრეები და საკუთარი ხელით გავაშენებთ. იმავე ევროპაში გზის პირებზე რამდენიმე კილომეტრიანი წაბლის და აკაციის ხეები აქვთ გაშენებული და ეს დარგიც წარმატებით ვითარდება. ამგვარი მხარდაჭერა ქართველ მეფუტკრეებს დიდ სტიმულს მისცემდა", - აღნიშნავს მეფუტკრე.
რატომ ფერხდება ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე? - ამ შეკითხვით „ბიზნესპრესნიუსმა“ აგრონომს აკაკი ღლონტს მიმართა.
„უცხოელები, და მათ შორის ევროპელებიც, რომ ჩამოდიან, ამბობენ, რომ ქართული თაფლი ძალიან მოსწონთ, რადგან მას განსხვავებული გემო აქვს. რაც შეეხება ექსპორტს, მას ბევრი რამ უშლის ხელს: პირველ რიგში, ჩვენ არა გვაქვს იმ დონის ლაბორატორიები, რომელიც თაფლის ხარისხს და სხვა პარამეტრებს დაადგენს. ზოგჯერ მეფუტკრეები ელემენტარულ ნორმებსაც კი არღვევენ.
ლაბორატორიულ კვლევას რომ აკეთებენ, იქ ყველაზე მცირე დარღვევაც ჩანს. არსებობს ძალიან ბევრი ბარიერი, რომელიც ქართული თაფლის ევროპაში გატანას ხელს უშლის, თუნდაც ის, რომ ევროპელები ერთგვაროვან თაფლს ითხოვენ. ქართული თაფლი გემრიელია, მაგრამ ევროპის ქვეყნები და ჩინეთი იმდენ თაფლს აწარმოებენ, რომ მათთან კონკურენციის გაწევა რთულია. თანაც, ისინი ევროკავშირის ბაზრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ.
აკაკი ღლონტის თქმით, „თუ სახელმწიფო ბაზარზე ფალსიფიცირებულ თაფლს მოსპობს, ეს დარგი აღორძინდება და თაფლის უცხოეთში გატანა საჭირო აღარც კი იქნება - მას ადგილობრივი, ქართული ბაზარი აითვისებს. ხარისხი, ერთგვაროვნება და საკმარისი რაოდენობა“ - ეს ის ნორმებია, რომელსაც ქართული თაფლი ვერ აკმაყოფილებს და რის გამოც ჩვენი პროდუქცია ევროპაში არ გადის“, - აცხადებს აკაკი ღლონტი.
ხათუნა ჩიგოგიძე