კონტრაბანდის საფრთხე მატულობს. როგორც იმპორტიორები ვარაუდობდნენ, თამბაქოს არალეგალურად შემოტანის ფაქტები გახშირდა. "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით, კონტრაბანდის 320 შემთხვევა გამოაშკარავდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცილებით მეტი, შესაძლოა, ორჯერ მეტი იყოს არალეგალურად შემოტანილი საქონლის რაოდენობა, რომლის აღრიცხვაც ვერ მოხეხრდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილი 320 ფაქტიდან 33 შემთხვევა არადეკლარირებულ სიგარეტს უკავშირდება. ეს არის 200 280 ღერი სიგარეტი (400 ყუთი), რომლის ჯამური რაოდენობა თანხობრივად 23 430 ლარს შეადგენს.
პირველი იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით, არალეგალური გზით 2 მლნ 394 ათასი ლარის საქონლის შემოტანას ცდილობდნენ, ხოლო შეფარდებული სანქციების მოცულობა 744 814 ლარია.
სპეციალისტები კონტრაბანდის ფაქტის გახშირებას აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირებენ. ჯერ კიდევ, სანამ საგადასახადო კოდექსში ცვლილება ძალაში შევიდოდა, ისინი საუბრობდნენ, რომ ქვეყანაში კონტრაბანდის რისკი გაიზრდება და ასე მოხდა კიდეც. შემთხვევითი არ არის, რომ არადეკლარირებული საქონლის გამოვლენის 30-ზე მეტი ფაქტი სწორედ თამბაქოზე მოდის.
საგადასახადო სფეროს სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი ფიქრობს, რომ უახლოეს პერიოდში კონტრაბანდული სიგარეტის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, რის გამოც, აუცილებელია, ჩატარდეს კვლევა ჩრდილოვან ეკონომიკასთან დაკავშირებით.
"ბიზნესისთვის მაღალი გადასახადი ყოველთვის ხდება კონტრაბანდის საფუძველი. რეალურად გაზრდილია პროდუქციის ღირებულების ფასი, რა დროსაც არაკეთილსინდისიერი საქმიანობის რისკი ყოველთვის მატულობს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ თამბაქოს კუთხით, კონტრაბანდის ფაქტები გაზრდილია სხვა მიმართულებითაც, მათ შორის, სპირტიან სასმელებზე. აქტიურად მუშაობს ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.
აუცილებლად უნდა გაკეთდეს კვლევა ჩრდილოვან ეკონომიკასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, უცნობია სტატისტიკა და არ ვიცით მაღალი აქციზის გამო ეკონომიკას რეალურად რა ზარალი ადგება. ვთქვათ, თუკი იყიდებოდა, პირობითად, 100 კოლოფი სიგარეტი და ბიუჯეტში შემოდიოდა 200 ლარი, დღეის მდგომარეობით, შესაძლებელია ბიუჯეტში ისევ შემოდის 200 ლარი, მაგრამ ოფიციალურად იყიდება 80 კოლოფი. 20 გამოაკლდა ბაზარს და ფასის გამო თუ შავ ბაზარზე გადაინაცვლა, ამ კითხვას კვლევამ უნდა გასცეს პასუხი.
ჩვენ ვამბობდით ადრეც, რომ აქციზის გადასახადის ნახტომისებური ზრდა იქნებოდა სტიმული შავი ეკონომიკისთვის და ასეც ხდება. გამოვლენილი ფაქტები ამას ადასტურებს", - განმარტავს ჩარგეიშვილი და დასძენს, რომ რისკი აბსოლუტურად ყველა სფეროშია, სადაც კი მაღალი გადასახადია - საწვავ-საპოხი საშუალებები, სპირტიანი სასმელი და ა. შ.
კონტრაბანდის მასშტაბის გაზრდაზე, გარკვეულწილად, მოქმედებს დაბალი ჯარიმებიც. თუკი ადრე ბაზარზე გვქონდა უფრო ნაკლები საცდური კონტრაბანდული საქონლის შემოსასვლელად, დღეს მეტი მოტივაციაა, რადგან მეტი მოგების მიღების შანსი გაჩნდა. როგორც ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი განმარტავს, დღეს კონტრაბანდისტების მოგება ძალიან გაზრდილია, რის გამოც უღირთ რისკის გაწევა და ჯარიმის გადახდა, რაც სულაც არ არის მაღალი.
"კონტრაბანდის მნიშვნელოვანი წილი მოდის სიგარეტზე და ამას აქვს თავისი განმაპირობებელი მიზეზი. თამბაქო იმდენად არის გაძვირებული, რომ უღირთ რისკის გაწევა და არალეგალური პროდუქტის შემოტანა. რაც შეეხება ზოგადად შავი ბაზრის გააქტიურებას, შეიძლება ითქვას, ამ მიმართულებით შემოსავლების სამსახური ვერ მუშაობს იმდენად ეფექტურად, რომ დანაშაულის სრული პრევენცია მოხდეს. გასაგებია, რომ აფიქსირებს ბაზარზე შემომავალ კონტრაბანდულ ტვირთებს და მათ გამოვლენას ახდენს, მაგრამ დასაშვებია ისიც, რომ არის ისეთი შემთხვევები, რომელთა გამოაშკარავებაც ვერ ხერხდება.
ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ბაზარზე ყველა გადამსვლელი მოწმდება. ყველა გამოვლენილ ფაქტთან ერთად არსებობს გამოუვლენელიც, რის გამოც გარკვეული რაოდენობის პროდუქცია შავ ბაზარზე ხვდება. მესაზღვრე-კონტროლიორების რაოდენობა ადრინდელ ბაზარს ჰყოფნიდა, მაგრამ გაზრდილი აქციზის გამო, დღეს გაცხოველებული ინტერესია. აქედან გამომდინარე, არსებული გამოწვევებისთვის თავის გართმევა მარტივი არ არის", - აცხადებს ბაირახტარი.
აფბა-ს ანალიტიკოსის პროგნოზით, კონტრაბანდის ფაქტები კვლავ იქნება და მასთან საბრძოლველად შესაბამის სტრუქტურებს დიდი ძალისხმევის გაწევა დასჭირდებათ.
"შეუძლებელია კონტრაბანდის რისკი არ წარმოიშვას, როდესაც შენს მოსაზღვრე ქვეყნებში ერთი კოლოფი სიგარეტი იაფია და ის დაახლოებით 1-ლარიანი სხვაობით იყიდება. რამდენადაც სწორედ ფასთა შორის სხვაობა უბიძგებს ბევრ ადამიანს, სადაც იაფია, იქ იყიდოს, აქ შემოიტანოს არალეგალურად და მაღალ ფასად გაყიდოს. რაც უფრო მეტია აქციზებს შორის სხვაობა, მით უფრო მეტია ასეთი ბიძგი.
დარწმუნებული ვარ, ასეთი ფაქტები კიდევ იქნება, რამდენად გაუმკლავდებიან ამ გამოწვევას შესაბამისი უწყებები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ ამ გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით", - აცხადებს ბაირახტარი.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"