2012-2016 წლებში მსოფლიო შეიარაღების ბაზარი, წინა 5-წლიან პერიოდთან შედარებით, 8,4%-ით გაიზარდა.
სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების შესწავლის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის თანახმად, ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიარაღების გაყიდვებმა მსოფლიოში ყველაზე დიდ მასშტაბებს მიაღწია.
ექსპერტების გამოთვლით, მსოფლიოში იარაღის მსხვილი ექსპორტიორების ხუთეულში შემდეგი ქვეყნები შედიან: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია.
საერთო ჯამში, ამ ხუთ ქვეყანაზე იარაღის გაყიდვის ბაზრის 74% მოდის, ხოლო მყიდველების უმეტესობა აზიისა და ოკეანიის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები არიან.
წინა წლების მსგავსად, იარაღის გაყიდვის ლიდერი მსოფლიო მასშტაბით აშშ-ია, რომლის საბაზრო წილი 33%-ს შეადგენს. 2012-2016 წლებში აშშ-ის მიერ გაყიდული იარაღის მოცულობა 21%-ით გაიზარდა.
„აშშ შეიარაღების ექსპორტს როგორც მინიმუმ 100 ქვეყანაში ახორციელებს, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა მიმწოდებელი ქვეყნების მაჩვენებელი“, - აღნიშნულია SIPRI-ს ანგარიშში.
მკვლევარების მონაცემებით, აშშ-ის მიერ გაყიდული შეიარაღების თითქმის ნახევარი ახლო აღმოსავლეთზე მოდის.
რუსეთის საბაზრო წილი 23%-ს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილზე მყოფი ჩინეთის 6,2%-ს.