2015-2016 წლებში ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის დარღვევების გამო 51 თანამდებობის პირი დაჯარიმდა. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ საჯარო სამსახურის ბიუროში განუცხადეს.
ბიუროს ინფორმაციით, ამის მიზეზი ძირითადად დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევა იყო, რის გამოც პირს 1 000-ლარიანი ჯარიმა ეკისრება.
დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობისთვის ბიუროს მიერ ძირითადად ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების თანამდებობის პირები არიან დაჯარიმებული.
ქონებრივ დეკლარაციას საქართველოში 2 800-ზე მეტი თანამდებობის პირი ავსებს. მათ შორის, პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ელექტრონული სისტემა საქართველოში 2010 წლიდან მოქმედებს. თუმცა, დეკლარაციის წარდგენის პროცესი მასში ასახული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმებასა და შესაძლო დარღვევების იდენტიფიცირებას ამ დრომდე არ ითვალისწინებდა.
დეკლარაციების მონიტორინგის ფუნქცია ბიუროს 2017 წლის 1 იანვრიდან, მთავრობის 14 თებერვლის დადგენილებით განესაზღვრა. ამისთვის კი ხუთი კაცისგან შემდგარი სპეციალური კომისიაც შეიქმნება, რომელსაც ყოველწლიურად არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი შექმნის.
შესაბამისად, ბიუროში ვერ გვეუბნებიან, თუ რამდენად არის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მაღალჩინოსანთა მიერ შევსებული დეკლარაციები და რამდენად ზუსტად აქვთ მათ თავიანთი ქონება ასახული.
კანონმდებლობის თანახმად, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 200 საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირი ვალდებულია, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს. დეკლარაცია ივსება ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ორი კვირის ვადაში. ამასთან, პირები ვალდებულნი არიან დეკლარაცია თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაშიც წარადგინონ.