აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ ხელმძღვანელმა პირებმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა მიითვისეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, საგამოძიებო სამსახურის გურიისა და აჭარის სამმართველომ, 2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
”გამოძიების ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა მოხმარებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობას. საგამოძიებო სამსახური ახორციელებს ყველა გადაუდებელ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს, რათა სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და მოხდეს დანაშაულის ჩამდენი პირების მხილება”, - აღნიშულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.