განვითარებული სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი ელემენტი - ეკონომიკაა. მას კი მრეწველობაზე მეტად არაფერი ავითარებს. რამდენიც არ უნდა ვითვალოთ ჩამოსული ტურისტები ან ვიკამათოთ ღვინის ექსპორტის მნიშვნელობაზე, ისინი მხოლოდ ეკონომიური საჭიროების მცირე ნაწილია.
ეკონომიკის სტიმულირებისთვის მზა პროდუქციის წარმოება, მისი შიდა ბაზარზე და ექსპორტზე რეალიზებაა საჭირო. სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ყოველივე ეს ქარხნებსა და ფაბრიკებს საჭიროებს. ზოდადად, საინტერესო სახელმწიფო ვართ - ქვეყანას, რომელიც თითქმის არაფერს აწარმოებს (თუ ღვინოს, ბორჯომსა და პატარ-პატარა საწარმოებს არ მოვიყვანთ მაგალითად, სადაც მცირე რაოდენობის მუშახელია დასაქმებული), ეკონომიკის სამინისტრო აქვს. სულ რაღაც 25 წლის წინ სრულიად განსხვავებული ვითარება იყო.
სსრკ-ს დროს საქართველო უდიდეს საწარმო სიმძლავრეებს ფლობდა. გვქონდა სხვადასხვა პროფილის მსხვილი მანქანათმშენებელი ქარხნები. პროდუქციის ნომეკლატურაში სამგზავრო გემები, სატვირთო ავტომობილები, ელმავლები და საბრძოლო თვითმფრინავებიც კი შედიოდა.
ფლაგმანის როლი, უდაოდ, თბილისის საავიაციო ქარხანას ეკავა. სსრკ-ს შემადგენლობაში მყოფი 15 რესპუბლიკიდან საავიაციო ქარხანა მხოლოდ ოთხს - რუსეთს, უკრაინას, უზბეკეთსა და საქართველოს ჰქონდა. თბილისში ქარხნის მშენებლობა 1941 წლის დეკემბერში დაიწყეს. სამამულო ომის წლებში 31-ე საავიაციო ქარხანამ ფრონტს 3 ათასამდე გამანადგურებელი თვითმფრინავი მიაწოდა.
აღსანიშნავია, რომ ომის შემდეგ ჩვენი ქარხანა სსრკ-ს მასშტაბით პირველი იყო (!), რომელმაც სერიულად რეაქტიულძრავიანი გამანადგურებელი გამოუშვა. შემდგომ აქ აწყობდნენ ზებგერით გამანადგურებლებს, ბირთვულ ქობინიან ფრთოსან რაკეტებს, შეჯავშნულ მოიერიშეებს. არსებული გეგმა წელიწადში 100(!) საბრძოლო თვითმფრინავის დამზადებას ითვალისწინებდა. ქარხანაში 14 ათასამდე ადამიანი მუშაობდა.
არსებობის მანძილზე ამ ქარხანაში სხვადასხვა ტიპისა და მოდიფიკაციის 8 500-ზე მეტი თვითმფრინავი დამზადდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში საავიაციო მრეწველობა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
დიდუბის მეტროსთან არსებულმა კიროვის სახელობის ჩარხმშენებელმა ქარხანამ არსებობა დიდი ხანია შეწყვიტა. ერთ დროს აქ დამზადებული მაღალი სიზუსტის ჩარხებით მთელი სსრკ მარაგდებოდა. პროდუქცია ექსპორტზეც იგზავნებოდა. დღეს ქარხნისგან მხოლოდ დაცარიელებული და ნახევრად დანგრეული შენობებია დარჩენილი. იქ არსებული უნიკალური დაზგა-დანადგარები დიდი ხნის წინ ან თურქეთში გაყიდეს ან ჯართში ჩააბარეს (სხვათა შორის, იგივე ხდებოდა 31-ე ქარხანაშიც). დაცარიელებული საამქროები კი საწყობებად და ავეჯის დამამზადებელ მცირე საწარმოებად გადაკეთდა.
ახალგაზრდებს ნაკლებად, მაგრამ უფროს თაობას ეცოდინება, რომ გადასასვლელი ხიდის მახლობლად, სადაც სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა" მდებარეობს, ოდესღაც 26 კომისრის სახელობის ქარხანა იდგა. საწარო მანქანათმშენებლობის პროფილის პროდუქციას უშვებდა. იხილეთ გაგრძელება