როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე, ვთვლი, რომ კიდევ ერთი მეგარეგულატორის შექმნა ამ ეტაპზე, ალბათ, არ იყო სწორი , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საბანკო ზედამხედველობის ფუნქციასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა ეროვნული ბანკისგან აღნიშნული ფუნქციის გამოყოფა, მინისტრი თქმით, ამას შეცდომას ვერ დაარქმევს. გახარიას განცხადებით, ზედამხედველობის ფუნქცია შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის შიგნით, ასევე გარეთ.
,,ამას შეცდომას არ დავარქმევ, რამეთუ ბუნებაში ორივე ვარიანტი არსებობს. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით სექტორთანაც, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც, რომ ზედამხედველობის ფუნქცია შეიძლება იყოს როგორც ეროვნული ბანკის შიგნით, ასევე ეროვნული ბანკის გარეთ და აქ ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შინაარსს, რომ ეს ფუნქცია უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც საფინანსო სექტორის ბანკოცენტრული ფუნქცია გვაქვს. მე ამ თემას აღვიქვამ შემდეგნაირად - რომ ეს იყო იმ კონტექსტში და იმ ეკონომიკურ მდგომარეობაში მაშინ მიღებული გადაწყვეტილება, დღეს როდესაც ვსაუბრობთ ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენთვის ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე მნიშვნელობა აქვს ყოველ დახარჯულ ლარს, ვთვლი, რომ კიდევ ერთი მეგარეგულატორის შექმნა ამ ეტაპზე, ალბათ, არ იყო სწორი. მისი ეროვნული ბანკის სტრუქტურაში შეტანა აბსოლუტურად მისაღებია და ალბათ, კარგიცაა, თუმცა ეს შინაარსობრივ ნაწილს არ ცვლის”, - განაცხადა გახარიამ.
ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შედეგად გამოეყო, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, საფინანსო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკისგან გამოიყო, ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა. პარლამენტმა ასევე მთავრობის მიერ შეთავაზებული სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა. იმჟამინდელმა მმართველმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად 5 წლის ვადით წარდგენილ ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურას, ხოლო 7 წლის ვადით - ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურებს. საბჭომ მისი შემადგენლობიდან ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე აირჩია. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად კი 7 წლის ვადით პარლამენტმა კოტე სულამანიძე დაამტკიცა.
კანონპროექტი დამტკიცებამდე პარლამენტში ხმაურისა და კრიტიკის ფონზე განიხილებოდა. ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გასვლას ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტი. მან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ გიორგი მარგველაშვილის შენიშვნები არ გაითვალისწინა.
საბოლოოდ, ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ახალი ნორმის მოქმედება შეაჩერა, რის გამოც ეროვნულ ბანკს გამოყოფილმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტომ ფუნქციონირება ვერ დაიწყო. გუშინ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომზადებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ისევ ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება.